ახალი ამბები

ევროპელები დილემის წინაშე დგანან— The Guardian საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

19 ივნისი, 2023 •
ევროპელები დილემის წინაშე დგანან— The Guardian საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

„ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან“, — ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას.

სტატიის მიხედვით,  მმართველი პარტია აცხადებს, რომ ევროპული კურსი აქვს, მაგრამ აპროტესტებს ბრიუსელის პოლიტიკას, უკრაინას და „ლგბტქ+ პროპაგანდას“.

„პარტიის ხელმძღვანელობა [რუსეთის] დაშოშმინების პოლიტიკის ფარგლებს გასცდა“, — ამბობს Guardian-თან დასავლელი დიპლომატი, რომელსაც გამოცემა არ ასახელებს.

„თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატები აცნობიერებენ, რომ დილემის წინაშე დგანან. დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება მმართველ პარტიას დემოკრატიიდან უკან დახევისთვის დააჯილდოებს და მის ძალაუფლებას განამტკიცებს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმამ შეიძლება, რიგით ქართველებს იმედი წაართვას და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება  მოსკოვთან უფრო გაბედული გახადოს, რაც უფრო მეტ ქუჩის პროტესტს გამოიწვევს“, — ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირის უარმა შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს“.

ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი