„ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრეზიდენტმა პარლამენტს 16 ივნისს წარუდგინა გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები.
როგორც კობახიძე ამბობს, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. ამასთან, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ დაკავშირებული. თუმცა კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობს.
„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სტანდარტული პრაქტიკა შემდეგი – როდესაც ორი ორგანოა ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში, ეს ერთი. მეორე – მე არ მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთ კანდიდატზე, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ა.შ. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და შემდეგ გაკეთდეს წარდგენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ თემაზე:
- ოცნება: პრეზიდენტი უარზეა სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე
- პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს
- გამყარდა კითხვები ლაშა ხუციშვილის დამოუკიდებლობაზე — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
- პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა