საზოგადოება

ოცნება: პრეზიდენტი უარზეა სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე

7 ივნისი, 2023 • 1204
ოცნება: პრეზიდენტი უარზეა სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე

„ქართული ოცნების“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს, შეთანხმების მიუხედავად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს წარუდგინოს ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა.

როგორც მმართველის პარტიის ვრცელ განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია ხუციშვილის კანდიდატად წარდგენის ვადა, რასაც მმართველი გუნდი მიზანმიმართულ და უპასუხისმგებლო საქციელად აფასებს.

„ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტმა აქამდე არაერთხელ უარი თქვა მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებსა თუ ცესკოს ვაკანტურ პოზიციებზე ამა თუ იმ კანდიდატების დასახელებაზე.

„ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“, – წერს მმართველი გუნდი.

„ოცნების“ თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეთანხმების თანახმად, ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა – „პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია.“

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ, 6 ივნისს შედგა. თუმცა, როგორც „ქართული ოცნება“ წერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.

მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე”, – აცხადებენ “ოცნებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი