ახალი ამბები

გამყარდა კითხვები ლაშა ხუციშვილის დამოუკიდებლობაზე — პრეზიდენტის ადმინისტრაცია

7 ივნისი, 2023 • 1931
გამყარდა კითხვები ლაშა ხუციშვილის დამოუკიდებლობაზე — პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარა ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

პრეზიდენტის მდივანი გიორგი მსხილაძე ბრიფინგით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი, შეთანხმების მიუხედავად, უარს აცხადებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს წარუდგინოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა.

„პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი — კანდიდატის დამოუკიდებლობა — კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის“, — განაცხადა მსხილაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება დღეს, როდესაც ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი კადრი.

„არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რამეს შემაფერხებელია“, — თქვა მსხილაძემ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. „ოცნების“ თქმით, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. „ოცნების“ თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირობა დაარღვია, ამიტომ პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევს ვეტოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე.

ოცნება: პრეზიდენტი უარზეა სებ-ის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე

პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი