ახალი ამბებიკინოკომენტარი

სოსო ბლიაძე: ქართული კინო მოიშლება, ამის საფრთხეს ვხედავ

15 ივნისი, 2023 • 1626
სოსო ბლიაძე: ქართული კინო მოიშლება, ამის საფრთხეს ვხედავ

რეჟისორი და სცენარისტი სოსო ბლიაძე, რომლის ფილმიც „ჩემი ოთახი” მრავალჯერ დაჯილდოვდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე, ესაუბრა „ნეტგაზეთს” კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე.

რეჟისორის თქმით, მისთვის ეს პროცესები ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის წევრი იყო. კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ინფორმირების გარეშე გაუშვეს ჟიურის იმჟამინდელი შემადგენლობა და ჩაანაცვლეს მთავრობასთან იდეოლოგიურად დაახლოებული პირებით. სოსო ბლიაძის ამბობს, რომ იგი და ჟიურის თავდაპირველი წევრები სასამართლოში ჩივილის პროცესში არიან.

„იქიდან მოყოლებული ამ პოზიციაზე ვარ – როგორც კი შეიცვალა მმართველობა, უბედურება ხდება კინოცენტრში. ახლა უკვე, როგორ ვთქვა, არც გამკვირვებია, რა პროცესებიც მიდის. მგონია, რომ კი არ დააზიანებს, ქართული კინოინდუსტრიის გაუქმებისკენ მიდის საქმე. მსოფლიო კინობაზარზე, განსაკუთრებით ევროპაში, იცნობენ და ელოდებიან ქართულ კინოს. ზუსტად იმიტომ, რომ ბოლო 15 წელიწადია კინოცენტრის დახმარებით კეთდება თვითმყოფადი საავტორო კინო. ბოლო პერიოდში მართლაც იყო თავისუფლება, აღარ არსებობდა ცენზურა, შეგეძლო შეხებოდი სხვადასხვა თემას. იმის თქმა მინდა, რომ ფინანსდებოდა ისეთი ფილმებიც, რომლებიც თუნდაც კონფლიქტში მოდიოდა მთავრობასთან და მის იდეოლოგიასთან. არ ვამბობ, რომ ყველა ფილმი ასეთი უნდა იყოს. ვგულისხმობ იმას, რომ კულტურის სფეროსგან განსხვავებით კინოცენტრში ასე თუ ისე მაინც იყო ეს თავისუფლება. ეს აღარ იქნება. უკვე ვგრძნობთ ამას. უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ და გააკონტროლონ ყველაფერი. უკვე ერთი წელია ეს პროცესი მიდის. მგონია, რომ ქართული კინო გაუქმდება. როგორი ქართული კინო იარსებებს, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი – არც შევიტან პროექტს დასაფინანსებლად ასეთ სიტუაციაში – მაგრამ აზრიც არ ექნება, იმიტომ, რომ როგორ კინოსაც ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობრები, არ მგონია, დააფინანსონ”, – ამბობს რეჟისორი.

სოსო ბლიაძე მიიჩნევს, რომ ეს პროცესები არა მხოლოდ აწმყოზე აისახება, არამედ მკვეთრად იმოქმედებს მომავალი თაობების კინოთი დაინტერესებაზე, ამიტომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კინოცენტრის დათმობა:

„ძალიან გაბრაზებული ვარ და მგონია, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებს უნდა მივმართოთ. არ შეიძლება, რომ კინოცენტრი ჩამოიშალოს. არ არის საუბარი მხოლოდ დღევანდელ სიტუაციაზე, მომავალი თაობებიც ნიჰილიზმში ჩავარდებიან და უბრალოდ აღარ მოუნდებათ კინოს კეთება იმიტომ, რომ კინოცენტრი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეგეძლო ფულის მოპოვება ფილმის გადასაღებად. ფულის გარეშე კინო ვერ კეთდება, სამწუხაროდ. ეს გამოიწვევს იმას, რომ უფრო ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება რეჟისორი, ნაკლებ და ნაკლებ ადამიანს მოუნდება კინოს გაკეთება. არ არსებობს დიდი კინოფესტივალი: კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე და ასე შემდეგ, სადაც ყოველ წელს არ იყოს ქართული ფილმები, ეს გაქრება ქართული კულტურიდან, ქართული კინო მოიშლება, ამის საფრთხეს ვხედავ. ზუსტად რომ ვთქვა, კონკრეტული გეგმა არ ვიცი, როგორ უნდა შესრულდეს და რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყველა უნდა ვცადოთ და ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მგონია, რომ საქართველოში კინოში მოღვაწე ხალხის ძალიან დიდი პროცენტი ხვდება ამას, ერთად ვდგავართ და არ უნდა დავთმოთ კინოცენტრი.”

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი