ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დღეს, 12 ივნისს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვებიან.
მისი თქმით, შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას და ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს. განსაკუთრებით ახლა, როცა საკვანძო მომენტში შევდივართ, როდესაც ოქტომბერში ევროკომისია წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მანამდე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მთავრობის განცხადებებს თვალს ადევნებენ. მისი თქმით, აპირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოდროინდელ „გაუგებრობებზე“ სასაუბროდ შეხვდნენ.
ბოლო დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებები განხილვის საგანი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
განსაკუთრებით რეზონანსული იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ფორუმზე გაკეთებული განცხადება, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.
ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და გააკრიტიკეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტვიტერზე ინგლისურად განმარტა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.
- ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა
- ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ
- “გავიგე, რომ აქ ომის მიზეზებს განიხილავდით…” – ფონ დერ ლაიენი ბრატისლავაში
- პაპუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ტვიტერზე ინგლისურად განმარტავს