ახალი ამბები

“ტვ პირველი” და მამულაშვილი კალაძის საჩივრის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმეს — ნოდარ მელაძე

30 ნოემბერი, 2022 • 1395
“ტვ პირველი” და მამულაშვილი კალაძის საჩივრის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმეს — ნოდარ მელაძე

“ტვ პირველი” და მისი ჟურნალისტი, რომელსაც თბილისის მერი უჩიოდა ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, სასამართლომ 15 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

თბილისის მერი მაია მამულაშვილს უჩიოდა პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, რომლის თანახმადაც, “კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო”.

კალაძის ადვოკატის თანახმად, თბილისის მერის მოთხოვნა იყო “ამ ყალბი და სიმართლესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ათასი ლარის ოდენობით”.

ნოდარ მელაძის ცნობით, საბოლოოდ, ჯარიმის თანხად სასამართლომ განსაზღვრა 15 000 ლარი, რომლის გადახდაც დაეკისრა როგორც ჟურნალისტს, ისე ტელევიზიას.

“ტვ პირველი, რა თქმა უნდა, ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ჩვენს ანგარიშებს ინკასო ადევს და არც ამის საშუალება გვაქვს”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

“ტვ პირველის” ცნობით, მამულაშვილს დაევალა მის მიერ გახმიანებული ინფორმაციის უარყოფაც.

ნოდარ მელაძის თქმით, ტელეარხმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მაია მამულაშვილის მიერ ნათქვამი ფრაზა მანამდე არაერთგზის ყოფილა გახმიანებული სხვა პირების მიერ.

ტელეკომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მამულაშვილის სადავო განცხადება, სავარაუდოდ, ეხებოდა მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს.

ხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით მერიისადმი/კალაძისადმი კითხვები თუ პირდაპირი ბრალდებები „ტვ პირველის“ ჟურნალისტამდე სხვა ადამიანების მხრიდანაც გაისმა.

თბილისის მერიაში პრობლემას ვერ ხედავდნენ ავტობუსებში გადახდილი თანხის რაოდენობაში.

ვრცლად ამ თემაზე:

რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

მასალების გადაბეჭდვის წესი