ახალი ამბები

“გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული” – სამხარაძე

4 ივნისი, 2023 • 1987
“გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული” – სამხარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ “გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად.

ამის შესახებ სამხარაძე ფეისბუკზე წერს და მიანიშნებს, რომ არა ე.წ. კადიროველები, არამედ პირიქით, რამზან კადიროვთან დაპირისპირებული ადმაიანები იყვნენ საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში.

“დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა. სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა”, – დაწერა სამხარაძემ და პროტესტს ამ საკითხის ირგვლივ “ნაცების საზიზღარი პროვოკაცია და რამდენიმე ათეული დაზომბებული აქტივისტის ყალბი პატრიოტიზმი” უწოდა.

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრად.

ნეტგაზეთმა კითხვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიმართა. უწყებებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ფოტოები სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება. ერთ-ერთ ვიდეოში, მაგალითად, ბათუმის ქუჩა ჩანს. სხვადასხვა ცნობით, ეს და სხვა ვიდეო/ვიდეო მასალა გადაღებულია 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში. ამ ინფორმაციის ოფიციალური გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი