საზოგადოება

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

4 ივნისი, 2023 • 4530
კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრად.

ნეტგაზეთმა კითხვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიმართა. უწყებებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ფოტოები სოციალურ ქსელში დღეს დილიდან ვრცელდება. ერთ-ერთ ვიდეოში, მაგალითად, ბათუმის ქუჩა ჩანს. სხვადასხვა ცნობით, ეს და სხვა ვიდეო/ვიდეო მასალა გადაღებულია 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში. ამ ინფორმაციის ოფიციალური გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

განახლება: “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ “გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად.

დღეს შუადღეს ამ ადგილას ზემოხსენებული მანქანები უკვე აღარ იდგნენ.

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა. გადაღებულია 4 ივნისს. ფოტო: ბათუმელები

იგივე სანომრე ნიშნები დაფიქსირდა თბილისშიც. სხვადასხვა ფეისბუკ გვერდები და თვითმხილველები წერენ, რომ ფოტო გადაღებულია მაისის ბოლოს.

მანქანა სანომრე ნიშნით C777CE ჩანს, ვიდეოში რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნდა. მას აქვეყნებს პროფილი, რომელსაც აწერია, რომ ეს ასლანბეკ ახმეტხანოვის ოფიციალური ანგარიშია. სავარაუდოდ, ახმეტხანოვთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ინსტაგრამ გვერდმა ამავე მანქანების ვიდეო 1 კვირის წინ გაასაჯაროვა, რომელიც უკვე საქართველოში – გუდაურთან ახლოსაა გადაღებული.

 

View this post on Instagram

 

A post shared by TEAM (@team_akhmetkhanov)

ითვლება, რომ ახმეტანოვი ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და კადიროვის ახლო წრის წარმომადგენელია. პანდემიისას, შეზღუდვების დროს, რამზან კადიროვმა ახმეტანოვი საჯაროდ, მკაცრად გალანძღა და დაემუქრა საჯარო ადგილას ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ჰაერში სროლის გამო. ეს კარანტინის გამო ხდებოდა.

„უფლის გამო, მაპატიე რამზან. მე სიტყვას გაძლევ, რომ თუ მსგავსს გავიმეორებ, კაცად აღარ ჩავითვლები,“ – „რადიო თავისუფლების“ ბიუროს თანახმად, უთხრა მაშინ ახმეტანოვმა კადიროვს.

მედიაში წერდნენ, რომ ამ კადრების შემდეგ, ბიზნესმენი ჩეჩნეთიდან გაქრა. თუმცა, მალევე ჩეჩნეთში დაბრუნების უფლება მიეცა. როგორც რუსეთში „აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა „კავკაზკი უზელ“ წყაროებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს – ეს მოხდა იმიტომ, რომ ახმეტანოვი კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთში ასევე ითვლება „კრიმინალურ ავტორიტეტად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი