ახალი ამბები

გაგა ჩხეიძე კინოცენტრის განცხადებას პასუხობს

2 ივნისი, 2023 • 956
გაგა ჩხეიძე კინოცენტრის განცხადებას პასუხობს

ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე ეხმაურება საქართველოს კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას და მოუწოდებს კულტურის მინისტრს, შეწყდეს მისი პერსონალური დევნა.

დღეს, 2 მაისს, ცენტრმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა „გოეთეს ინსტიტუტი“ ჩხეიძის დაჯილდოების გამო და თქვა, რომ ამიერიდან, შესაძლოა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ფესტივალები აღარ დააფინანსოს.

ამ განცხადების საპასუხოდ, ჩხეიძემ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ნეტგაზეთი მას უცვლელად გთავაზობთ:

  • „იძულებული ვარ, გამოვეხმაურო ეროვნული კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა:
    პრეს-რელიზი “გოეთეს მედლით” ჩემი დაჯილდოების თაობაზე, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალურმა ოფისმა 31 მაისს გაავრცელა, შეიქმნა ჩემგან დამოუკიდებლად. პრეს-რელიზი ეყრდნობა ჩემს პოზიციას ჩემს განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის წელიწადზე მეტია ისედაც ცნობილია ჩემი მრავალრიცხოვანი გამოსვლებიდან მას-მედიაში და ბეჭდურ და ინტერნეტ-გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებიდან. თუ რატომ ჰქონდა რეაქცია ეროვნულ კინოცენტრს მხოლოდ ახლა, გაუგებარია.
  • გაუგებარია, რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეროვნული კინოცენტრი და არა კულტურის სამინისტრო ან თავად მინისტრი, რომლის ბრძანების საფუძველზე გამათავისუფლეს.
  • მიჩნდება ეჭვი, რომ განცხადება არ დაწერილა ეროვნულ კინოცენტრში და არ ყოფილა შეთანხმებული კინოცენტრის თანამშრომლებთან, რადგან კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი გაემიჯნა განცხადებას.
  • ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ განცხადებაში საუბარია “ქართული ფილმის განვითარების ფონდში” ჩემს საქმიანობაზე. “ქართული ფილმის განვითარების ფონდი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეროვნული კინოცენტრი ვერ შეაფასებს ჩემს საქმიანობას ფონდში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კინოცენტრის განცხადება დაწერილია კულტურის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის მითითებით და კარნახით.
  • ეროვნული კინოცენტრი კინოს მხარდაჭერის კანონის მიხედვით ვალდებულია (!) დააფინანსოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალები ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ეროვნულმა კინოცენტრმა (ჩემსა და მინისტრს შორის დავის მიუხედავად) დააფინანსოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ამავე დროს, შევახსენებთ სამინისტროს და კინოცენტრს, რომ თანხები, რომელთაც ისინი განკარგავენ, გადასახადების გადამხდელთა ფულია.
  • უფრო მეტიც, ჩვენ წელს სამინისტროშიც შევიტანეთ განაცხადი ფესტივალის დაფინანსებაზე, თუმცა უარი მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ყველა საკონკურსო პირობას აკმაყოფილებდა. დღემდე არ მიგვიღია სამინისტროს პასუხი ოფიციალურ წერილზე, რომელშიც ვითხოვდით უარის არგუმენტაციას და ქულებს. ჩვენ ვთვლით, რომ სამინისტრომ განგებ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და კომისიის მუშაობა იყო ფარსი.
  • განცხადებაში გაისმა შემდეგი სახის მუქარა: “კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.” კინოცენტრს არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი, გოეთეს ინსტიტუტის პრეს-რელიზის გამო გააუქმოს ჩვენთან დადებული ხელშეკრულება. ამისთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვაც საკმარისია.
  • დაბოლოს: კულტურის მინისტრს მოვუწოდებ, უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე, გაიწვიოს თავისი განცხადება პროკურატურიდან, რადგან შესანიშნავად იცის, რომ კრიმინალი და მფლანგველი არ ვარ, და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში.
    P.S. “ქართული ფილმის განვითარების ფონდის” (იგივე “ძველი კინოსტუდიის”) თემაზე ცალკე გამოვაქვეყნებ ჩემს პოზიციას“, – აცხადებს ჩხაიძე.

დღეს, 2 მაისს, ცენტრმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა „გოეთეს ინსტიტუტი“ ჩხეიძის დაჯილდოების გამო და თქვა, რომ ამიერიდან, შესაძლოა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ფესტივალები აღარ დააფინანსოს.

„სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის“, – წერს კინოცენტრი.

მარტში გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჩხეიძე აცხადებდა, რომ მიზეზი თეა წულუკიანთან უთანხმოება იყო, მათ შორის, სალომე ჯაშის ფილმთან „მოთვინიერებასთან“ დაკავშირებით. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადაადგილებას ეხება. ამასთანავე, ჩხეიძე ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საჯარო დაგმობამ მისი გათავისუფლება დააჩქარა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი