ახალი ამბები

კინოცენტრმა შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

2 ივნისი, 2023 •
კინოცენტრმა შესაძლოა, გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აკრიტიკებს „გოეთეს ინსტიტუტს“ გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და ამბობს, რომ შესაძლოა, ამიერიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული კინოფესტივალი აღარ დააფინანსოს.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა, რომ იგი მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩხეიძემ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში.

ამას დღეს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა კინოცენტრი და დაწერა:

„სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის. ამგვარი უტიფარი სიყალბე უსაფუძვლოდ აყენებს ჩრდილს კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, და მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს საზოგადოება.

მკაფიოდ განვმარტავთ, რომ გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 18 მარტს გათავისუფლდა არა უკრაინის მხარდაჭერისათვის, არამედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის ანგარიშის“ საფუძველზე, რაც მოიცავს 2019-2020 წლებში მის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას. სწორედ ამ აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა.“

კინოცენტრი დასძენს – „რომ ზემოაღნიშნული ცრუ და ყოვლად მიუღებელი ბრალდებების ფონზე, კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე“.

დირექტორობიდან გათავისუფლება — რა მიზეზებს ასახელებს გაგა ჩხეიძე?

გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 5 აპრილს, გაგა ჩხეიძემ ბრიფინგი გამართა. ამ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველი უთანხმოება თეა წულუკიანთან, ჯერ კიდევ კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, უკავშირდებოდა სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერება“.

ჩხეიძის თქმით, რომელიც თანამდებობიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს, თეა წულუკიანმა ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მასთან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფილმში კინოცენტრის ფული დაიხარჯა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით გადაჰქონდა შეკვეთილში, დენდროპარკში.

ამასთან, ამავე შეხვედრაზე, ჩხეიძის თქმით, წულუკიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ პეტიციის გამო, რომელიც მოითხოვდა, იგი კულტურის მინისტრად არ დაენიშნათ. ჩხეიძე განმარტავს, რომ წულუკიანმა კინოცენტრის თანამშრომლები დაადანაშაულა პეტიციის ხელმოწერაში. თავად ყოფილი დირექტორი კი აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა შორის მისი თანამშრომლები არ ყოფილან.

„ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად ზუსტად ერთი წლის წინ და უნდა გითხრათ, რომ თავიდანვე ძალიან რთულად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. არანაირი თანამშრომლობა, კოოპერაცია სამინისტროსა და მის სსიპ-ს შორის არ არსებობდა ამ წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, უპასუხოდ რჩება ყველა ჩვენი წერილი სამინისტროსთვის მიწერილი სხვადასხვა პრობლემებზე, იყო ეს დაფინანსების გაზრდა თუ მიმდინარე საკითხები.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, როცა ქალბატონი თეა ჯერ კიდევ პარლამენტში იყო, ჩვენი საუბარი დაიწყო ერთი ფილმის განხილვით. ეს გახლავთ სალომე ჯაშის „მოთვინიერება“, რომლის პრემიერითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა. უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ კინოცენტრმა სახელმწიფო ფული დახარჯა ამ ფილმზე. მისთვის მიუღებელი იყო ის გზავნილიც, რომელსაც ეს ფილმი ავრცელებს და თვითონ კინორეჟისორის გამოთქმული შეხედულებები“, – ამბობდა ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი.

გაგა ჩხეიძის განცხადებით, ეს იყო ბოლო შეხვედრა, რომელიც თეა წულუკიანთან გამართა და მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არაერთი წერილისა და მოწვევის მიუხედავად, კინოცენტრში არათუ თავად მინისტრი, მისი მოადგილეებიც კი არ მისულან. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ უფლებამოსილება 3 წლით ჰქონდა განსაზღვრული და გათავისუფლებიდან 1 თვეში ისედაც უწევდა პოსტის დატოვება. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო, წულუკიანმა მისი გათავისუფლება დააჩქარა.

ვრცლად წაიკითხეთ:

„წულუკიანი უკმაყოფილო იყო ივანიშვილის ხეებზე სალომე ჯაშის ფილმით“ – გაგა ჩხეიძე

 


წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი