ახალი ამბები

თანამშრომლები ემიჯნებიან გაგა ჩხეიძეზე კინოცენტრის განცხადებას

2 ივნისი, 2023 •
თანამშრომლები ემიჯნებიან გაგა ჩხეიძეზე კინოცენტრის განცხადებას

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი ემიჯნებიან უწყების მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებას.

დღეს, 2 მაისს, ცენტრმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გააკრიტიკა „გოეთეს ინსტიტუტი“ ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის დაჯილდოების გამო და თქვა, რომ ამიერიდან, შესაძლოა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ფესტივალები აღარ დააფინანსოს.

„სამწუხაროდ, სტატია შეიცავს მცდარ და ფარისევლურ ბრალდებას იმის შესახებ, თითქოსდა გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარდამჭერი საჯარო პოზიციისათვის“, – წერს კინოცენტრი.

მარტში გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჩხეიძე აცხადებდა, რომ მიზეზი თეა წულუკიანთან უთანხმოება იყო, მათ შორის, სალომე ჯაშის ფილმთან „მოთვინიერებასთან“ დაკავშირებით. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადაადგილებას ეხება. ამასთანავე, ჩხეიძე ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საჯარო დაგმობამ მისი გათავისუფლება დააჩქარა.

„როგორც თანამშრომელი, ვემიჯნები კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს, არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად, რაც ბოლო დროს მოხდა“, – წერს ერთ-ერთი მათგანი, დაფით დავითიანი ფეისბუკზე.

საჯარო განცხადება გაავრცელა ლევან აბდუშელიშვილმაც.

„მე, როგორც კინოცენტრის თანამშრომელი, ვემიჯნები და ვგმობ ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებულ სამარცხვინო პოსტს“, – განაცხადა მან.

კინოცენტრის განცხადებას გაემიჯნა კიდევ ერთი თანამშრომელი, კოტე ჩლაიძე.

“ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით,„ – დაწერა მან.

მასალა განახლდება სხვა თანამშრომელთა გამოხმაურების შემთხვევაში.


წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი