საზოგადოება

გერმანია წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულ ჩხეიძეს აჯილდოებს

1 ივნისი, 2023 • 6441
გერმანია წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულ ჩხეიძეს აჯილდოებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლის ლაურეატია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჯილდოს მას აგვისტოში, ქალაქ ვაიმარში, გერმანიის გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი გადასცემს.

გოეთეს მედალი გერმანიის რესპუბლიკის საპატიო სახელმწიფო ორდენია. ის გადაეცემათ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციაში.

წელს ეს ჯილდო, ჩხეიძის გარდა, გადაეცათ ტაივანელ დრამატურგს, იი-ვეი კენგსა და უნგრელ კურატორთა კოლექტივს, სახელწოდებით ” OFF-Biennale”.

გოეთეს ინსტიტუტი გაგა ჩხეიძეს მოიხსენიებს საერთაშორისოდ აღიარებულ კინომენეჯერად, რომლის დაარსებული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იქცა ცენტრალურ სივრცედ ქართული და საერთაშორისო კინოს საჩვენებლად, ისევე როგორც შეხვედრების მნიშვნელოვნად ადგილად კინორეჟისორებისთვის, პროდიუსერებისა და დისტრიბუტორებისთვის სამხრეთ კავკასიაში.

“გაგა ჩხეიძის ჩართვა კინოს სფეროში გადამწყვეტია საქართველოს დასაკავშირებლად ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან და პროგრამებთან, კინობაზრებთან და ფესტივალებთან, ასევე, საქართველოს ღიაობისთვის საერთაშორისო კოპროდუქციების კუთხით.

გაგა ჩხეიძე ასევე ინარჩუნებს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობებს გერმანიასთან და ქმნის მნიშვნელოვან კულტურულ ხიდებს ორ ქვეყანას შორის.

როგორც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი, იგი ჩართული იყო საბჭოთა პერიოდში წარმოებული ქართული ფილმების დიგიტალიზაციასა და რესტავრაციაში. ამით მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ქართული კინომემკვიდრეობის შენარჩუნებაში”, — აღნიშნავს გოეთეს ინსტიტუტი.

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „გოეთეს ინსტიტუტი“ გამორჩეული საქმიანობისთვის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორ გაგა ჩხეიძეს პრესტიჟული პრემიით აჯილდოებს. მიღწევებთან ერთად, ინსტიტუტმა დაწერა, რომ ის მარტში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჩხეიძემ ღიად გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში.

2022 წლის მარტამდე გაგა ჩხეიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, საიდანაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გაათავისუფლა.

აღნიშნულს წინ უძღოდა აუდიტის შესვლა კინოცენტრში, რომლის დასკვნის თანახმადაც „კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები“ გამოვლინდა.

თავად ჩხეიძე ეჭვობს, რომ აუდიტის დასკვნა მოგვიანებით შეცვალეს და მასში გარკვეული მონაკვეთები ჩაამატეს. ის ასევე აღნიშნავდა, რომ მინისტრი წულუკიანი უკმაყოფილო იყო რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმით “მოთვინიერება”, რომელიც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ჰობს ეხება. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით გადაჰქონდა შეკვეთილში, დენდროპარკში.

გაგა ჩხეიძის თანახმად, წულუკიანი ჯერაც პარლამენტში საქმიანობდა, როცა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილ დირექტორთან შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფილმში კინოცენტრის ფული დაიხარჯა.

ამასთან, ამავე შეხვედრაზე, ჩხეიძის თქმით, წულუკიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ პეტიციის გამო, რომელიც მოითხოვდა, ის კულტურის მინისტრად არ დაენიშნათ. ჩხეიძე განმარტავს, რომ წულუკიანმა კინოცენტრის თანამშრომლები დაადანაშაულა პეტიციის ხელმოწერაში. თავად ყოფილი დირექტორი კი აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა შორის მისი თანამშრომლები არ ყოფილან.

ჩხეიძე ასევე დასძენდა, რომ რომ უფლებამოსილება 3 წლით ჰქონდა განსაზღვრული და გათავისუფლებიდან 1 თვეში ისედაც უწევდა პოსტის დატოვება. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო, წულუკიანმა მისი გათავისუფლება დააჩქარა.

თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში, კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყებებიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს. სამინისტრო  გათავისუფლებებს „რეორგანიზაციას“ უკავშირებენ, კრიტიკოსები კი საუბრობენ წმენდაზე განსხვავებული აზრის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი