ახალი ამბები

სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან – პაპუაშვილი

1 ივნისი, 2023 •
სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან – პაპუაშვილი

„გუშინწინ გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 1 ივნისს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ჭკუას ის ადამიანები ასწავლიან, რომელთაც საქართველოზე წარმოდგენა არ აქვთ.

„გუშინწინ ჩვენ ვნახეთ, როგორ მოხდა პრემიერ-მინისტრის განცხადებით მანიპულირება შიდა და გარე ქსელის აქტორების მიერ, თითქოს ეს ნიშნავდა ნატოზე უარის თქმას და ნატოსთვის რაღაცის დაბრალებას. ზუსტად მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა და ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რომ რუსეთმა აგრესია უკრაინაზე იმიტომ მოახდინა, ვინაიდან უკრაინამ ევროპული მომავალი აირჩიაო. აქ რამე ახალი არის? ვინ, თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი სუვერენული არჩევანის გამო არის ის, რატომაც ვართ აგრესიის სამიზნე რუსეთის მხრიდან ბოლო 30 წელია.

გუშინწინ გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთი, მისი საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ამიტომ ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომელსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და ბოლო წლებია აქ ნამყოფებიც კი არ არიან და ერთადერთი მათი ინფორმაცია არის ერთი-ორი მესიჯი, რომელსაც ისინი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებენ, ეს არის სწორედ ის, რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ აღქმებს ქმნის და, რა თქმა უნდა, ეს აღქმები შემდეგ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გნაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და გააკრიტიკეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტვიტერზე ინგლისურად განმარტა. როგორც პაპუაშვილი ვრცელ პოსტში წერს, ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი