ახალი ამბები

20-მდე NGO გმობს პრემიერის განცხადებას

31 მაისი, 2023 • 602
20-მდე NGO გმობს პრემიერის განცხადებას

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გმობენ GLOBSEC-ის ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

„პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების გაცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან და ირაკლი ღარიბაშვილმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.

ისინი შეახსენებენ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • დემოკრატიის კვლევის ცენტრი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
  • პრევენცია პროგრესისთვის;
  • რონდელის ფონდი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
  • უფლებები საქართველო;
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი