საზოგადოება

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

30 მაისი, 2023 • 2107
ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესია არ იყო პროვოცირებული. „არაპროვოცირებული აგრესიული ომი“ — ასე მოიხსენიებენ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურ განცხადებებში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე სამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან და ბელარუსში.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართებოდა, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობდა შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის მოთხოვნა იყო, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

მოსკოვმა ვაშინგტონის და ნატო-ს წერილობითი პასუხი რუსეთის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე 26 იანვარს მიიღო, თუმცა ეთხოვა, არ გამოექვეყნებინა ისინი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, დოკუმენტი გამოთქვამს რუსეთთან თანამშრომლობის მზაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, გამჭვირვალობა და სტაბილურობა. თუმცა აშშ და ნატო აცხადებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება და ნატო თავად გადაწყვეტს, რა შეიარაღება განათავსოს ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პარალელურად ფინეთმა, რომელიც ისტორიულად სამხედრო ბლოკებში გაერთიანებას თავს არიდებდა, დაიწყო ნატოში ინტეგრაციის პროცესი და რამდენიმე თვეში გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. იმავე გზაზე დგას შვედეთი, რომელსაც ასევე სურს ნატოში გაწევრება. თუმცა რუსეთს ამ ქვეყნების წინააღმდეგ არავითარი ზომა არ გაუტარებია.

რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ ეძახის ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“ და აცხადებს, რომ მისი მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და დემილიტარიზაციაა.

საქართველოს დეკლრარირებული პოზიციაა, რომ სურს ნატოშ გაწევრება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ამისათვის საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი