“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “თითიდან გამოწოვილი სპეკულაციაა” კრიტიკა, რომელიც მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ იყო კიევის განზრახვა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ის არაერთმა გააკრიტიკა და რუსული პროპაგანდის გამეორებაში დაადანაშაულა.
კობახიძის შეფასებით, რეალურად ეს იყო “უწყინარი და ლოგიკური განცხადება”, “ფაქტის კონსტატაცია” პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
“კითხვა მინდა დავსვა: თქვენი აზრით, რატომ განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში. მაგალითად, რატომ არ მოხდა იგივე სხვა მეზობელ ქვეყანაში: ყაზახეთში, მონღოლეთში ან აზერბაიჯანში?” — ჰკითხა მან ჟურნალისტებს.
როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, რომ “რა თქმა უნდა, [რუსეთს] არ უნდა, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან ახლოს იყვნენ ეს ქვეყნები”, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მას უპასუხა:
“თქვენ ეთანხმებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ახლა თქვენ დაადასტურეთ ღარიბაშვილის განცხადება. დაადასტურეთ, რომ ერთადერთი განსხვავება უკრაინასა და აზერბაიჯანს, მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის იყო ის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს ქვეყნები — არა”.
საპასუხოდ ჟურნალისტის კითხვისა, “ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ [ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე”, კობახიძემ აღნიშნა, რომ “არ ნიშნავს, მაგრამ თქვენ დაადასტურეთ, რომ რაც თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, იყო აბსოლუტურად ფაქტის კონსტატაცია”.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ “აქ საუბარი იყო ერთ-ერთ მიზეზზე” და არა — ერთადერთზე.
“რითაც განასხვავა რუსეთმა უკრაინა და სხვა ქვეყნები და შეიჭრა უკრაინაში და არა სხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, უკრაინის სწრაფვა…” ,— თქვა კობახიძემ.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას — “დამპყრობელი რომ არის რუსეთი, ეს არ იყო მიზეზი?” — “ქართული ოცნების თავმჯდომარემ უპასუხა:
“რა არის, იცით? ნაცობამ არ უნდა ამოგაგდოთ ლოგიკიდან… გეუბნებით ერთ-ერთ მიზეზს და თქვენ ამბობთ, რომ დამპყრობელი რომ არის, ეს არ არის მიზეზიო? მიზეზი შეიძლება 5 იყო. და ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ერთ-ერთი მიზეზი”.
კობახიძეს ასევე ჰკითხეს:
“რუსეთს მიზეზი ხომ არ სჭირდება, ბატონო ირაკლი? როცა უნდა და ვისაც უნდა, იმას დაესხმება თავს…”
“არა, ეგრე რანაირად არის? ხვალ შემოვა საქართველოში? რატომ არ შემოდის?” — დასძინა მან, რაზეც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უპასუხა: “მოსწონს [საქართველოს] ხელისუფლება, რომელიც არის”.
“ძალიან მოსწონდა წინა ხელისუფლება, რადგან წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20%. მერე ცალმხრივად შესთავაზა უვიზო რეჟიმი, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა… ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს 0 პროგრესი. არანაირი პროგრესი არ აქვს”, — უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.
ამავე საკითხზე საუბრისას, როცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ იკითხა, “რუსეთისთვის ინტერვენციის ერთ-ერთი საფუძველი იყო თუ არა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ?”, მას უთხრეს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა “იყო მოგონილი საბაბი, რადგან რუსეთს მიზეზი არ სჭირდება” ომის დასაწყებად. ამ რეპლიკას კობახიძემ ასე უპასუხა:
“არ შეიძლება, ნაცობამ ბოლომდე დაგიბინდოთ გონება და ამოგაგდოთ ლოგიკიდან, რადგან მარტივ ლოგიკურ კითხვას გისვამთ და პასუხს ვერ სცემთ”.
ღარიბაშვილის განცხადება
მოსკოვი ირწმუნება, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევას ისახავს მიზნად და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.
კრემლის პროპაგანდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში წარმოაჩენს „პრევენციულ დარტყმად“ ნატოს მარიონეტის წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. ამართლებენ რა რუსეთის აგრესიას ნატოს გაფართოებით, პრორუსი ჯგუფები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ნეიტრალიტეტს კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებად წარმოაჩენენ ხოლმე.
ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის მთავარი პრინციპი კოლექტიური თავდაცვაა — ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ ან ერთზე მეტ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად.
მართალია, რომ რუსეთს არ სურს ნატოს გაფართოება, თუმცა არა იმიტომ, რომ ალიანსისგან რუსეთზე თავდასხმის საფრთხე არსებობს, არამედ იმის გამო, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ქვეყნებს თავად ვერ დაესხმება თავს ადვილად. ნატოს გაფართოების “საფრთხე” არის რუსეთისთვის საკუთარი აგრესიის გასამართლებელი საბაბი და არა — მისი მიზეზი.
არგუმენტის სიცრუეს, რომ რუსეთის აგრესია პასუხია ნატოს გაფართოებაზე, ადასტურებს მოსკოვის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოებისადმი მაშინ, როდესაც მათი ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში.
წაიკითხეთ ვრცლად:
ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები და სხვები – ღარიბაშვილს ნატოზე განცხადების გამო აკრიტიკებენ