ახალი ამბები

მთავრობა სტრასბურგის სტატისტიკით ამჯერად უსაფრთხოების სამიტზე მანიპულირებს

30 მაისი, 2023 •
მთავრობა სტრასბურგის სტატისტიკით ამჯერად უსაფრთხოების სამიტზე მანიპულირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკით ამჯერად ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მანიპულირებს.

ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას არგუმენტად ირაკლი ღარიბაშვილს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების შემცირება მოჰყავს, ამბობს რა, რომ ენმ-ის მმართველობის პერიოდში სტრასბურგში ათასობით საჩივარი შევიდა საქართველოდან, თუმცა კვლავ არ ახსენებს, რომ აქედან 3300 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თაოსნობით 2008-2009 წლებში შეიტანეს და მოგვიანებით სტრასბურგმა მათი უმრავლესობა წარმოებიდან ამორიცხა.

ამასთან, ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელს მიმდინარე წლის 5 თვის სტატისტიკას ადარებს:

„სანამ ჩვენი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემა იყო გაგრძელება პროკურატურის. საქმეები, რაც გაიგზავნა სტრასბურგში, ეს არ იყო ათეულობით, იყო ათასობით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. შედარებისთვის ვიტყვი, წელს 150 საქმე გაიგზავნა აპელაციის კონტექსტში სტრასბურგში. ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არის ევროპული საშუალო ზომის ზემოთ 52/55%. სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას მანიპულაციურად ასახავდა.

პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში არსებულ მიმდინარე 150 საქმეს“. ამასთან, პოსტს დაემატა ჩანაწერეიც, რომლის მიხედვითაც, „2013-2022 წლებში სტრასბურგში საქართველოდან მხოლოდ 1132 საქმე გაიგზავნა“.

საბოლოოდ, მთავრობის პოსტის მიხედვით, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, „2004-2012 წლებში საქართველოდან სტრასბურგში 5416 საჩივარი შევიდა“, ხოლო – “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013-2022 წლებში  – 1132 საჩივარი.

მიუხედავად რამდენიმე რევიზიისა, პოსტი კვლავ პრობლემურად რჩება.

მათ შორის პრობლემურია ის, რომ 2004-2012 წლების ჭრილში მოყვანილ რიცხვს მითვლილია ის 3300 საჩივარიც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თაოსნობით სასამართლოში 2008-2009 წლებში შევიდა და მოგვიანებით სტრასბურგმა მათი უმრავლესობა წარმოებიდან ამორიცხა.

ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რატომ არის “მანიპულაციური” მთავრობის პოსტი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივრებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი