სამართალი

რატომ არის “მანიპულაციური” მთავრობის პოსტი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივრებზე

11 აპრილი, 2023 • 6080
რატომ არის “მანიპულაციური” მთავრობის პოსტი სტრასბურგში გაგზავნილ საჩივრებზე

გუშინ, 10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც უწყების განცხადებით, 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას ასახავდა.

პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში არსებულ მიმდინარე 150 საქმეს“. ამასთან, პოსტს დაემატა ჩანაწერეიც, რომლის მიხედვითაც, „2013-2022 წლებში სტრასბურგში საქართველოდან მხოლოდ 1132 საქმე გაიგზავნა“.

საბოლოოდ, მთავრობის პოსტის მიხედვით, ენმ-ის მმართველობის პერიოდში, „2004-2012 წლებში საქართველოდან სტრასბურგში 5416 საჩივარი შევიდა“, ხოლო – “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013-2022 წლებში  – 1132 საჩივარი.

მიუხედავად რამდენიმე რევიზიისა, პოსტი კვლავ პრობლემურად რჩება და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალისტების თქმით, სტატიტიკით ცალსახა მანიპულაციაა.

მათ შორის პრობლემურია ის, რომ 2004-2012 წლების ჭრილში მოყვანილ რიცხვს მითვლილია ის 3300 საჩივარიც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის თაოსნობით სასამართლოში 2008-2009 წლებში შევიდა და მოგვიანებით სტრასბურგმა მათი უმრავლესობა წარმოებიდან ამორიცხა.

კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი თამარ ქეცბაია, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების წარმოების დინამიკა აქვს შესწავლილი, აღნიშნავს, რომ ეს პოსტი იმ რვაწლიანი რიტორიკის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა სტატისტიკით მანიპულირებს:

„წლებია ამ მონაცემებს სხვადასხვანაირად ფუთავენ. გუშინაც რა ბარათიც და რა მონაცემებიც გამოქვეყნდა, ბევრი ხარვეზია. ის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან შედარებით [სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ] საჩივრების რაოდენობა შემცირდა, შესაძლოა სიმართლე იყოს, როგორც ფაქტი, მაგრამ როგორ მოგვაწოდეს [ეს ინფორმაცია] და სინამდვილეში რა შედის ამ 5000-ზე მეტ საჩივარში, ეს არის მნიშვნელოვანი“, — ამბობს მკვლევარი.

მისივე თქმით, შეცდომაა, როცა მთავრობა „საქართველოდან სტრასბურგში შესულ“ საქმეებზე წერს, რადგანაც შესაძლოა, საქართველოდან სასამართლოში საქმეები რუსეთის წინააღმდეგაც შევიდეს. მისი თქმით, აქაც, სავარაუდოდ, საუბარია საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოს დანაყოფებისთვის გადაცემულ საჩივრებზე, რომელთა რაოდენობაც მართლაც იყო 2004-2012 წლებში – 5 416, ხოლო 2013-2022 წლებში- 1 132, თუმცა ვაწყდებით სტატისტიკით მანიპულაციას.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ ამ ხუთი ათასზე მეტ საჩივარში შედის რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის მცხოვრებელი ეთნიკური ოსების საჩივრები, რომლებიც 2008-2009 წლებით თარიღდება:

ამონარიდი კვლევიდან „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში“.

„ამ საჩივრებს დირიჟორობდა რუსეთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იყო. ეს სასამართლოსაც აქვს დადგენილი. ათასობით საჩივარს შეიძლება ჰყოლოდა ერთი და იგივე ადვოკატები ვლადიკავკაზიდან. დადასტურებული ფაქტი იყო ეს, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის ეს და არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება, რომ ეს 3300 საჩივარი რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგი იყო და ძალიან ბედნიერებმა აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ საბოლოოდ სასამართლომ ყველა ეს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან, მიიჩნია რა, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდენ დასაშვებობის კრიტერიუმებს“, — აცხადებს მკვლევარი.

თამარ ქეცბაია აღნიშნავს, რომ ამ საჩივრების დიდი ნაწილი, კერძოდ- 1549 2010, წელს ამოირიცხა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს კითხვებს აღარ უპასუხეს და სტრასბურგმა მიიჩნია, რომ ისინი აღარ იყვნენ დაინტერესებული, საქმეები გაგრძელებულიყო.

დანარჩენი საჩივრების ამოსარიცხად კი, მისი თქმით, სასამართლოს მეტი მსჯელობა დასჭირდა და საბოლოოდ დაუშვებლად ცნო მსგავსი საჩივრები მის მიერ განვითარებულ მსჯელობაზე მითითებით, რომ საქართველოს „არ შეიძლებოდა პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა იმ აქტებზე, რომლებიც განხორციელდა სამაჩაბლოში შესაბამისი საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში“.

„საბოლოოდ დანარჩენი საქმეებიც ამოირიცხა და ძალიან გვიხაროდა ეს ფაქტი, მორიგ გამარჯვებად შევრაცხეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ გაიბეროს [ენმ პერიოდის საჩივრების] რიცხვი, განმარტების გარეშე ამ 3 300-საც ათვლიან“, — აღნიშნავს მკვლევარი.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეებს გავლენა ჰქონდა მიმდინარე საქმეების სტატისტიკაზეც. კერძოდ, გუშინდელ პოსტში მთავრობა მიუთითებდა, რომ 2023 წელს ასეთი 150 საქმე იყო:

„აქაც გაამახვილეთ ყურადღება, რომ კიდევ სხვა ტერმინი შემოდის. მიმდინარე საქმეები გულისხმობს კალენდარული წლის ბოლოს, მაგალითად, 2022 წლის 31 დეკემბრისთვის რამდენი საქმე იყო მიმდინარე და ეს რიცხვი იყო ყოველთვის მაღალი, რასაც სწორედ ის 3 300 საჩივარი განაპირობებდა“ ,— აღნიშნავს ქეცბაია.

მკვლევარი განმარტავს, რომ სანამ აღნიშნული საქმეები ამოირიცხებოდა, მიმდინარე საქმეების მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო. ამასვე მოწმობს Gnomon Wise-ის 2022 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე საქმეების რაოდენობა 2009 წელს, როდესაც 2008-ში აღნიშნული საჩივრები სასამართლოს დანაყოფებს გადაეცათ, მაღალია, 2010-ში ერთბაშად, 1549 საქმის ამორიცხვის გამო სწრაფი ვარდნა ფიქსირდება, მომდევნო წელს კი კვლავ მაღალია.

ამონარიდი კვლევიდან „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში“.

„2011 წლის მონაცემებში ამას ემატებოდა კიდევ სხვა საჩივრები, რომელიც საქართველოდან იგზავნებოდა, სასამართლო იყო ძალიან გადატვირთული, დიდი ხანი ვერ განიხილავდა საქმეებს და ამიტომაც ეს მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა და უკვე 2022 წელს, საბოლოოდ რომ ამოირიცხა 370 საჩივარი, მივიღეთ ეს რიცხვი, 2022 წელში უკვე 150 იყო მიმდინარე“ ,— აღნიშნავს მკვლევარი.

ქეცბაია მიიჩნევს, რომ მანიპულაცია პოსტში სწორედ ისაა, რომ საქართველოს მთავრობა იმ პერიოდებს იღებს შესადარებლად, რომელიც რიტორიკისთვის თვალშისაცემი რიცხვის მიღებაში დაეხმარება. მეორე მხრივ კი, მანიპულაციაა ისიც, რომ ამ 5000 საქმეში განმარტების გარეშე ათვლიან იმ 3300 საქმეს, რომელიც ვერაფრით იქნება იმის ინდიკატორი, თუ რა ხდება საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ან სასამართლოს ნდობის თვალსაზრისით:

„ეს არის მანიპულაცია, როდესაც იციან, რატომ არის 5000 და არ აკონკრეტებენ ამას და უბრალოდ იყენებენ იმისთვის, რომ რადიკალურად განსხვავებული რიცხვები მიიღონ. ფაქტია, რომ 5000-ზე მეტი იყო, ვიცით, რომ იმ პერიოდში იყო ამხელა რიცხვი, ის 3300 საქმე რომც გამოვაკლოთ, მაინც მაღალი იყო მაჩვენებელი საჩივრების თვალსაზრისით, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დე იურე შეიძლება გაუმჯობესდა ან სასამართლოში არსებული ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ამ ქარდის პრობლემაა, რომ ის მანიპულაციურია“, — აცხადებს მკვლევარი.

თამარ ქეცბაია აღნიშნავს, რომ მცდარია ასევე იმის განცხადებაც თითქოს 2023 წელს მიმდინარე 150 საქმე ისტორიული მინიმუმია, რადგანაც 2000, 2001, 2002 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირე იყო და ბევრად ჩამოუვარდებოდა 2023 წლის მაჩვენებელს.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის ასევე დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საიდანაც ჯერ კომენტარი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი