გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი აქვეყნებს აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი საგამოძიებო ფილმის გამო, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.
ზემოხსენებული საგამოძიებო ფილმით “მთის ამბები” მაყურებელს უყვება, როგორ აისახება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა ჭიათურის მუნიციპალიტეტზე.
ფილმის მიხედვით, 2020 წელს სოფელ დარკვეთში 30 წლის კაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ გზის პირას დატოვებულ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. ის დაიხრჩო.
“მთის ამბების” თანახმად, ოჯახს “ჯორჯიან მანგანეზისთვის” არ უჩივლია და პოლიციას არც თავისი ინიციატივით დაუწყია გამოძიება. ჟურნალისტმა ერთ-ერთ რესპონდენტს ჰკითხა, დაღუპულის ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობს თუ არა მაღაროში.
“მამა”, — ამბობს რესპონდენტი.
ფილმი 23 მაისს გამოქვეყნდა, მომდევნო დღეს კი გელა მთივლიშვილმა “ფეისბუკზე” განათავსა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც მას, სავარაუდოდ, დაღუპულის ძმა ურეკავს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
“ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე პროსტა, მიწიდან ამოგთხრი… ჩვემი დედა მოვ**ან, თუ არ მოგძებნო, თუ თავი არ მოგაჭრა… ვინ მოგცა მაგის გადაღების უფლება?.. ჩემს მკვდარ ძმას თავი დაანებეთ, თორემ დედას მოგი**ნავთ სათითაოდ სულ ყველას” — ისმის ჩანაწერში.
“გაგაქრობ გეუბნები ამ ქვეყნიდან თქო”, — ამბობს კაცი.
როგორც მთივლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მუქარის შემცველი გზავნილები ხმოვანი შეტყობინებების სახით, “მესენჯერში” მიიღო.
“მე ვწუხვარ იმ ტრაგედიის გამო, რაც “ჯორჯიან მანგანეზის” დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოხდა ჭიათურაში, კონკრეტულად ამ ახალგაზრდა კაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მუქარაც არის იმ სისტემური ჩაგვრის გაგრძელება, რომელსაც კომპანია და სახელმწიფო ახორციელებენ ჭიათურის მცხოვრებლების და ყველა იმ ადამიანი მიმართ, ვინც ამ კატასტროფაზე, უბედურებაზე, ხმას ამოიღებს”, — აღნიშნავს ჟურნალისტი.
ჩანაწერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, გამოიძიოს ის.
“ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელზე მუქარის ფაქტი”, — ნათქვამია განცხადებაში.
ქარტიის თქმით, “ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია”.
განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, 25 მაისს, “ნეტგაზეთი” საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გელა მთივლიშვილის თქმით, საგამოძიებო სამსახურში ის 25 მაისს გამოკითხეს. ჟურნალისტის სიტყვებით, ამ უწყების მიმართ “განსაკუთრებული ნდობა” არ აქვს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევებში ჟურნალისტებმა სწორედ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მიმართონ.
“ჩვენ [საგამოძიებო სამსახურს] ვუთხარით, რომ ამ მუქარას მივიჩნევთ საფუძვლიანად, საფრთხე არის რეალური და მყისიერი და ვითხოვთ შესაბამისი გამოძიების ჩატარებას… დაველოდოთ, რას იზამენ. ამ სახელმწიფოში ამ უწყების დიდი იმედი მე არ მაქვს”, — გვეუბნება ჟურნალისტი.