ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ხელისუფლება გვიქმნის განცდას, რომ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს”

22 მაისი, 2023 •
“ხელისუფლება გვიქმნის განცდას, რომ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებს”

უკანასკნელ დღეებში, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნისა და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დანიშვნის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სულ უფრ ხშირად ისმის საუბარი რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამომავლო დეოკუაციის შესახებ. საქართველოსთან ურთიერთობების “დათბობის” შემდეგ, რამდენად რეალურია მსგავსი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან?  

მსგავსი განცხადებები მოულოდნელი არაა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ნებისმიერი პოლიტიკოსი იძულებულად და ვალდებულად მიიჩნევს თავს, ამ თემით ისპეკულიროს მაინც, საქმეს თუ ვერ გააკეთებს.

“ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე. ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო დიდ ეროვნულ მიზანთან. ეს არის ჩვენი უალტერნატივო სწორი და პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. რუსეთიდან მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნების იმედი მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც გამოთქვეს.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოს საზოგადოებისთვის მძინარე თემაა, თუმცა, როგორც წესი, როგორც გააცოცხლებ, მეშვიდე თუ მერვე ადგილიდან პირველზე ინაცვლებს ხოლმე.

დღეს ამ თემით სპეკულირება, სრულიად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია. რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ რევერანსების პარალელურად, გვიქმნიან განცდას, რომ თითქოს, შესაძლებელია, რუსეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში სიკეთეები მივიღოთ. ეს არის აბსურდი. რუსეთს ჯერ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. როგორც წესი, რაღაც ძვალს გადმოგვიგდებს და ხორცს თავად იტოვებს. ეს ყოველთვის ასე იყო შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული. შევარდნაძე, რომელიც, გონიერ პოლიტიკას ახორციელებდა საკუთარი მენტალობიდან, გამოცდილებიდან და რეალობიდან გამომდინარე, ასევე “გადააგდეს”. დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების პირობებში კი, მითუმეტეს, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?! რუსეთს მხოლოდ “აზიმუტის” დონეზე შეუძლია დაიყვანოს ჩვენი ბედნიერების განცდა, როდესაც კომპანია საკუთარი სიიდან აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ამოიღებს.

საკმარისია, მან 365 კომპანია იპოვოს, რომლებიც ჯერ საკუთარ სიებში ჩაწერენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს და შემდეგ, ყოველ დღე, რიგ- რიგობით ამოიღებენ მათ ამ სიიდან, 365 დღე გარანტირებული გვაქვს, ვიყოთ “ბედნიერი ერი”. პარალელურად, ჩავა ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში, რუსეთი წაიღებს ბიჭვინთას, მიითვისებს ტერიტორიებს და აქ კაციშვილი ხმას არ იღებს.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს არ არის რუსეთის პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა, როდესაც ვეგებით გადმოგდებულ ანკესებს.

ვინ ეგება ანკესზე, საქართველოს ხელისუფლება თუ ხალხი?

ხელისუფლება საკმაოდ ჭკვიანია. იციან, რომ ბლეფია დაპირებები და ყველაფერი დარჩება უცვლელად. თუმცა,  “ქართული ოცნების” ამომრჩეველს უნდა ჭურში ყოფნა, აწყობს ეს სიმშვიდე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალაუფლებაზე ასე ჩაბღაუჭებული ხელისუფლება ჯერ არ ჰყოლია ქვეყანას. “ქართული ოცნება” მხოლოდ საკუთარ გამარჯვებაზე ფიქრობს და მას ამაში რუსეთი ეხმარება. ქმნიან კონცეფციას, რომ ომი იქნება, მეორე ფრონტი იქნება, თუ რა საშინელია ევროკავშირი, აშშ, რომელიც გვაიძულებს დავუპირისპირდეთ მძინარე დათვს, და რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, არ ჩავყვეთ დასავლეთს ამ საშინელებაში და არ გავაღვიძოთ დათვი. ამ კონცეფციას ქმნიან მიამიტი და ჭურში მჯდომი საკუთარი ამომრჩევლისთვის.

თქვენი აზრით, ბევრია ასეთი ტიპის ამომრჩეველი?

ბევრი რომ იყოს, ასე არ იღელვებდნენ ამაზე და რუსეთი უვიზო რეჟიმს, როგორც ძვირფას ბარტყს არ გადმოგვიგდებდა. მთელი ეს წლები მოსკოვი ამბობდა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გააუქმებდა ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები აღდგებოდა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ირიბად აღიარებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. პასუხად, ყველა მმართველი ძალა საქართველოში მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, რომ არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზეა და რუსეთი უკან არ წაიღებს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. დღეს, რატომღაც, რუსეთს დაავიწყდა საკუთარი პირობა და გადმოგვიგდო უვიზო რეჟიმი. ეს არის მხარდაჭერა “ქართული ოცნებისა”, რომელსაც სჭირდება ხმები, პრორუსული ხმები, იმ მოქალაქეებისა, ვინც ცხოვრობდა რუსეთში და უნდათ ქვეყნებს შორს მოძრაობა. რუსეთი ამით არაფერს იგებს გარდა კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობისა ქართულ მოსახლეობაში – 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არაა რუსეთის მომხრე.

მე მჯერა, სავიზო რეჟიმის მოხსნა არ იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები საქართველოს მხრიდან ინიციატივით, მოეცათ უვიზო რეჟიმი მოსახლეობის ხმების მოსაპოვებლად. დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენა კი, რომელზეც რუსეთში უკვე გამოითქვა მოსაზრება, იქნება საქართველოს ხელისუფლების მთავარი “კოზირი” რუსეთთან, რომ “მოდი, ჯერ გავიმარჯვოთ არჩევნებში და შემდეგ ვნახოთ”.

ამ შესაძლო ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში შესაძლებელია მხარეები აფხაზეთის თემას ეხებოდნენ რამენაირად?

დარწმუნებული ვარ, ქართული მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ არჩევნების წინ “დაგვჭირდება რაღაც ძვლების გადმოგდება”. შესაძლოა, ეს იყოს ახალგორის და გალის რაიონში ქართული მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება, შეიძლება რუსეთმა გახსნას რომელიმე დამატებით გამშვები პუნქტი – ხურჩაში, მაგალითად. ან ცხინვალის მიმართულებით შემსუბუქდეს გადაადგილება და ვთქვათ, თვეში არსებული 10 დღის ნაცვლად, უფრო მეტი დღით გახსნან ის. საბოლოოდ ეს ყველაფერი იქნება კიდევ ერთი “შთამბეჭდავი გამარჯვება”.

ერთეული ოპოზიციონერების განცხადებების პარალელურად, თუ გაქვთ ინფორმაცია, აფხაზურ წრეებში რა განწყობები მოჰყვა ქართულ-რუსული ურთიერთობებში ამ გარკვეულ “დათბობებს?

შეშფოთებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როგორც თბილისზე მუშაობს მოსკოვი და “ქართულ ოცნებას” ეუბნება, ნუ გეშინიათ, თქვენს ძალაუფლებას შევინარჩუნებ, რაღაცეებს გადმოგიგდებთ, მთავარია, თქვენ იყოთ ხელისუფლებაში, დაახლოებით, ასევე მუშაობს აფხაზეთში –  რაღაცეებს დავუთმობთ ქართველებს “აზიმუტის” დონეზე და არ შეშფოთდეთ, მე ეჭვქვეშ არასოდეს დავაყენებ თქვენი დამოუკიდებლობის აღიარებას.

შესაბამისად, თუკი მოქალაქეების დონეზე გაჩნდა შიშის განცდა, რომ რუსეთი საქართველოს დაუთმობს აფხაზეთს, პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ. იციან, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ლუკმა არიან და გამორიცხულია ფუნდამენტურ საკითხებში რუსეთმა დათმოს. მაგრამ მეორე მხრივ, ისიც კარგად იციან და ამაში საზოგადოებასაც არწმუნებენ, რომ სანაცვლოდ, რაღაც საკითხებში თავადაც უნდა დათმონ და მაღალი ფასი გადაიხადონ – მაგალითად, ბიჭვინთის და ე.წ. აპარტამენტების კანონის სახით.

რუსეთი ორმაგად მოგებული რჩება

კი, რა თქმა უნდა. და მთელი ტრაგედია ისაა, რომ რუსეთი ჰყიდის ჰაერს, და ჩვენც და აფხაზებიც ბლეფზე ვეგებით. რუსეთს ჭიაყელაც კი არ სჭირდება თევზის დასაჭერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი