აფხაზეთის [დე ფაქტო რესპუბლიკის] სახალხო მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ინფორაციას ეხოკავკაზა ავრცელებს.
“ერთი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამასთან, განახლდება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ამ დროს ჩვენი მხრიდან არანაირი რეაქცია, მაშინაც კი, როდესაც აფხაზეთის ხსენებაც იშლება რუსული ავიაკომპანიების ვებ-გვერდებიდან”, – წერს ადგურ არძინბა ტელეგრამ-არხზე.
ასევე, არძინბა ახსენებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას, რომელიც “კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას” ითვალისწინებს. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ მოსკოვს უნდა გაეთვალისწინებინა აფხაზური მხარის პოზიციაც საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ოპოზიციონერი გაბრაზებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმზე ასლან ბჟანიას [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს] რუსული მხარისგან მიწვევაც არ მიუღია.
რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პარალელურად, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, აღდგეს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც 2019 წელს გაუქმდა.