ახალი ამბები

ევსაქები გმობენ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურებაში ხელშეშლის მცდელობას

21 მაისი, 2023 • 1181
ევსაქები გმობენ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურებაში ხელშეშლის მცდელობას

“ვგმობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, ბუზმარეთში, ქართველი კათოლიკეების ღვთისმსახურებისთვის ხელშეშლის მცდელობას”, – ამის შესახებ აცხადებს გიორგი ნონიაშვილი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

მისი თქმით, კათოლიკური თემი წლებია ვერ იბრუნებს ისტორიული ტაძრებისა და ქონების ნაწილს.

“ქართველ კათოლიკე მამულიშვილთა სახსრებითა და მოწადინებით აშენებული კათოლიკური ტაძრები, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების კულტურული მრავალფეროვნების ძეგლებს წარმოადგენენ, დღეს რელიგიის თავისუფლებისა და კანონის წინაშე უთანასწორობის ძეგლებად გადაიქცნენ.

ტაძრებს ეცვლებათ იერსახე, განადგურებულია ქონების ნაწილი და კათოლიკეებს იქ შესვლისა და წირვა-ლოცვის აღსრულების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს ამ ისტორიული უსამართლობის დასასრულებლად, რომელიც ვნებს ქართულ სახელმწიფოს და მიმტაცებლობასა და ქურდობას ქართულ იდენტობად ასაღებს.

ჩვენი პრინციპული პოზიციაა რესტიტუციის პოლიტიკის გატარება. ქართველ კათოლიკეებს, ისევე როგორც სხვა, ჩვენთან ისტორიულად არსებულ რელიგიურ ჯგუფებს უნდა დავუბრუნოთ შენარჩუნებული საკულტო ნაგებობები, რომელიც მათ ბოლშევიკებმა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წაართვეს”, – აცხადებს ნონიაშვილი.

ევროპული საქართველო ასევე ავრცელებს მოკლე მიმოხილვას ბუზმარეთის ეკლესიის შესახებ:

“2 დღის წინ, ბუზმარეთის კათოლიკურ ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მორწმუნეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ღვთისმსახურებაში უშლიდა ხელს.

შუა საუკუნეების ეპოქის, ბუზმარეთის ამაღლების სახელობის კათოლიკური ეკლესია, ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას, ისე უმცირესობებს, მათ შორის, კათოლიკე ეკლესიას რელიგიური ქონება ჩამოართვეს. გამონაკლისი არც ბუზმარეთის ეკლესია იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ისტორიული ქონების დაბრუნება არ მომხდარა. კათოლიკე ეკლესიის საკულტო ნაგებობების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს აქვს მისაკუთრებული.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, სა­საზღ­ვ­რო ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო, კა­თო­ლი­კე­ მორწმუნეებს ტა­ძარ­ში მის­ვ­ლა მხო­ლოდ სადღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში შე­ეძ­ლოთ.

შემდეგ, კა­თო­ლი­კე­ებს ეკ­ლე­სი­ა­ში აღარ უშვებდნენ მართლმადიდებელი ბერები და ისი­ნი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მი­დი­ან ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად და გა­რეთ, ტყე­ში ლო­ცუ­ლო­ბენ. 2 დღის წინ კი, აღარც ამის საშუალებას აძლევდნენ მათ”, – აცხადებენ ევროპულ საქართველოში.

ამავე თემაზე გირჩევთ

“აქ არ შეიძლება” — რა მოხდა მართლმადიდებელ ბერსა და კათოლიკე მღვდელს შორის ბუზმარეთში

კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი