ბუზმარეთის ტაძართან მისასვლელად კათოლიკე მღვდლებს საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები სასაზღვრო ზოლში არ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
კათოლიკე სასულიერო პირი ბექა ჩილინგარაშვილი პოლიციას უხსნის, რომ 13 საათზე ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ბუზმარეთში წირვის ჩატარებას აპირებენ და შეახსენა, რომ ამის შესახებ სამართალდამცველები საქმის კურსში გუშინ ჩააყენეს.
პოლიციელები სასულიერო პირს ეუბნებიან, რომ ბუზმარეთში მართლმადიდებლური ეკლესიაა, იქ ამჟამად მართლმადიდებელი მღვდლები იმყოფებიან და ატარებენ წირვას. კათოლიკე სასულიერო პირებს კი 15 საათამდე არ შეუშვებენ. მრევლს სასაზღვრო ზონაში შესვლა შეუძლია. კათოლიკე მღვდლები ამბობენ, რომ 13 საათზე წირვა სპეციალურად დანიშნეს, რადგან ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესიის წირვა უკვე დასრულებულია.
შესვლაზე უარის შემდეგ კათოლიკე სასულიერო პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, წირვა ჩაატარონ გარეთ, შემდეგ კი მოილოცონ ბუზამარეთის ტაძარი.
ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი მდებარეობს საქართველოს სასაზღვრო ზონაში და 2006–2007 წლებში უძველეს ნაეკლესიარზე კათოლიკეებმა, სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი საზღვრის გარეთაა.
ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.
კათოლიკეები წირვას უკვე წლებია არა ეკლესიაში, არამედ ეკლესიის გარეთ ატარებენ ხოლმე, თუმცა ხშირად ექმნებათ პრობლემები ტაძართან ლიტურგიით მიახლოებასთან დაკავშირებით.