ახალი ამბები

კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე

21 მაისი, 2023 • 4685
კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე

კათოლიკე ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ბუზმარეთში მომხდარ ინციდენტს შეეხება.

საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხსენებულ ამბავს 19 მაისს, განცხადებით გამოეხმაურა. უწყების პრესსამსახურის თქმით, “ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ, ამასთან, მასში მართლმადიდებელი სასულიერო პირი დისკრედიტებულად იქნა წარმოჩენილი”.

კათოლიკე ეკლესიის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

“ა.წ. 18 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო ზოლში მდებარე ბუზმარეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით კათოლიკე ეკლესია სრულიად გაკვირვებულია. ინციდენტის შემდეგ გვეგონა, რომ ეს მხოლოდ ერთეული მართლმადიდებელი სასულიერო პირის მცდარი შეხედულება და ქმედება იყო, მაგრამ რაკი ბერს, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირს ამგვარი ლექსიკით ესაუბრება („ტო“, „ბიჭო“, „ძმაო“) მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო, გვაფიქრებინებს, რომ ის მძიმე შეცდომის მსხვერპლი გამხდარა არაკეთილმოსურნე შინაურის ხელით დაწერილი ამ ტექსტით.

კათოლიკე ეკლესიას სურს ყურადღება გაამახვილოს იმ რამდენიმე საკითხზე, რაც უტყუარ მტკიცებულებადაა მოყვანილი ამ განცხადებაში
.
პირველ რიგში, გვინდა ღიად ვთქვათ, რომ დიახ, კათოლიკე ეკლესია აცხადებს ლეგიტიმურ პრეტენზიას ბუზმარეთის ტაძარზე ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ამ საყდრის ამაღლება დღეს (კათოლიკური კალენდრით) მოლოცვის ადათი უხსოვარ წარსულში იღებს სათავეს, რასაც ამ მხარის ყველაზე უხუცესი მკვიდრნიც მოწმობენ; ეს სალოცავი არასოდეს მიუტოვებიათ ადგილობრივ კათოლიკეებს. და მეორე: 2006-07 წლებში კათოლიკე მორწმუნეთა – უდელი წარმოშობის ორი ოჯახის – სახსრებით და შრომით მოხდა მისი აღდგენა. რასაკვირველია, რომ ეკლესიის ერთობის პერიოდის ტაძრები ჩვენი ზიარი სიწმიდეებია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ტექსტში არაკეთილმოსურნე შინაურის მიზეზით გაპარული ასეთი ფრაზა: „კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას“, უცნაურ შეცდომად მოჩანს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბოლო 25 წლის მანძილზე გამონათქვამების ფონზე, ორივე პაპის ვიზიტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ვითომ თეოლოგისგან შეიძლება მოისმინო კიდეც ასეთი აჯამობა, ვერც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ტექსტებში ვერც კი შეჰბედავს რომის საყდარს მსგავს რამეს. ასეთი უვიცობის როშვა მხოლოდ მდარე პრესას თუ ეპატიება. ვიმედოვნებთ, რომ ეს უნებლიე შეცდომა გასწორდება და სამების ტაძრის გუნდის მიერ პაპისათვის ლათინურად ნაგალობები „შენ ხარ პეტრე“ კვლავაც დარჩება საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენის ნამდვილ გამოხატულებად.

განცხადებაში ასევე წერია, რომ თითქოსდა ყოველ წელს კათოლიკე მრევლი ბუზმარეთის ტაძარში შეჭრას ცდილობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კათოლიკე მომლოცველები უკვე მრავალი წელია შევიწროებული არიან აქ დამკვიდრებული ბერების მხრიდან. საგულისხმოა, რომ სანამ ამ ადგილზე მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდებოდა, კათოლიკური წესით წირვა ნასაყდრალზე უკვე აღევლინებოდა. საბჭოთა პერიოდშიც ყოველწლიურად იხსნებოდა სასაზღვრო ზოლი ხალხისათვის.

კომუნისტური პერიოდის შემდეგ აქ წირვის აღვლენა განაახლა კათოლიკე სასულიერო პირმა, ვალის მკვიდრმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება აქ მართლმადიდებლური მონასტრის შექმნა, ტერიტორიის შემოღობვა, კათოლიკეთა მიერ აღდგენილი ტაძრის მისაკუთრება და წლიდან წლამდე კათოლიკე მომლოცველთა სულ უფრო მეტად გარიყვა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გასულ 18 მაისს, საუბარი იყო არა ტაძრის შიგნით ან ტაძრის ეზოში წირვის აღვლენაზე, როგორც განცხადებაშია ნათქვამი სრულებით შეუსაბამოდ, არამედ ტაძრის ეზოს გარეთ, ადგილზე, სადაც შარშან აღევლინა წმიდა წირვა. ჩნდება კითხვა, რატომ დააყენა მაინც და მაინც ამ ადგილზე ბერმა იოანემ თავისი მანქანა?

კათოლიკე სასულიერო პირების მიზანი კონფლიქტი და დაძაბულობა არასდროს ყოფილა. რა გასაკვირია აღშფოთების გრძნობა გაუჩნდეს ადამიანს, რომელსაც საკუთარ ტაძარში არ უშვებენ. „უსაფუძვლო პრეტენზია ამ ტაძარზე“ – როგორცაა ნათქვამი განცხადებაში – უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ საფუძვლიანი პრეტენზია უდის, ივლიტის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ეკლესიების შემთხვევაში სამართლიან გამოძახილს პოვებს ამ ტაძრებში ამჟამად მლოცველთა გულებში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში არაერთი კათოლიკური ტაძარია ქართველი მართლმადიდებლების განკარგულებაში, გააჩენს იმ აბსურდის ცოცხალ განცდას, რისი მოწმენიც ყოველწლიურად ვხდებით ხოლმე ბუზმარეთში? და არც კი გვრცხვენია ქრისტიანებს ორიათასი წლის შემდეგაც ერთმანეთს ასე რომ ვექცევით? კარგად ვამოწმებთ ჩვენი უფლის რწმენას…

აქვე გვსურს მადლობა გამოვხატოთ მესაზღვრეებისა და სამართალდამცავებისადმი, რომლებმაც უზრუნველყვეს სასაზღვრო ზოლში მორწმუნეების თავისუფალი გადაადგილება და ამ დღესასწაულის აღნიშვნა”, – ნათქვამია ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი © www.catholic.ge

ამავე თემაზე

“აქ არ შეიძლება” — რა მოხდა მართლმადიდებელ ბერსა და კათოლიკე მღვდელს შორის ბუზმარეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი