საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ამ ინფორმაციას მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა და “დისკრედიტაციის” მცდლეობაზე ისაუბრა.
ინციდენტი 18 მაისს მოხდა, როცა კათოლიკე ეკლესიამ ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. ტრადიციულად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები ამ დღეს ბუზმარეთში, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში არსებულ ტაძარს მოილოცავენ და წირვასაც იქვე აღავლენენ.
“გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. მიუხედავად დილით არსებული უამინდობისა, კათოლიკეები კვლავ გაუდგნენ ბუზმარეთის გზას.
ეს არის დღე, როცა ისინი ათობით კილომეტრს ფეხით გადიან, რათა წინაპრების სალოცავ ადგილზე აღავლინონ წირვა და ილოცონ”, – წერს სააგენტო.
მისივე ცნობით, კათოლიკე სასულიერო პირებმა წინასწარ დაიჭირეს თადარიგი, მრევლის სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვაც ითხოვეს და საშვებიც დაამზადებინეს. თუმცა, პრობლემა უშუალოდ ტაძართან შეიქმნა: ტაძრის ეზოს მთავარი შესასვლელი ჩაკეტილი იყო, იქ მყოფი პოლიცია კი გვერდითა კარზე მიუთითებდა მრევლს.
მსგავსი პრობლემები კათოლიკე მრევლისთვის ახალი არ არის. ისინი სადავო ტაძარში შესვლას ახერხებენ, თუმცა ეკლესიის შიგნით წირვის აღვლენის საშუალება არც აქამდე ეძლეოდათ. ამის გამო ისინი ეკლესიის ეზოს სიახლოვეს, ტყეში ლოცულობდნენ, თუმცა, კათოლიკე ეკლესიის სააგენტოს ცნობით, ახლა ეს ტერიტორიაც ჩახერგილი იყო.
“ერთ ადგილას მართლმადიდებელი მღვდლის მანქანა იდგა, მეორე ადგილას კი, ტაძრის ეზოდან გამოსული წყლის გუბეები”, – წერს სააგენტო.
“სადაც გინდათ, ტყე ამხელა არის და ჩაატარეთ… ამ მანქანას არ გავწევ”, – ეუბნებოდა კათოლიკე სასულიერო პირს, ბექა ჩილინგარაშვილს მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც ბერ იოანედ გაეცნო.
“მე მაქვს თქვენთან თხოვნა. წეღან ხომ მეუბნებოდით, ძმები ვართო? ძმური სიყვარულით გეუბნებით, რომ გაწიეთ მანქანა”, – ეუბნებოდა ჩილინგარაშვილი ბერს, რასაც ეს უკანასკნელი პასუხობდა:
“თქვენი მსახურება ჩვენი ეკლესიისთვის არ არის მისაღები… აქ არ შეიძლება, რომ ეს მსახურება ჩატარდეს”.
“სიახლოვე გვინდა ეკლესიასთან!” – მიმართა კათოლიკე მრევლის წარმომადგენელმა მართლმადიდებელ სასულიერო პირს, როცა მან იკითხა, რა დაშავდებოდა, თუ კათოლიკეები სხვაგან აღავლენდნენ წირვას.
საბოლოოდ, კათოლიკეებმა წირვა მთავარი შესასვლელის წინ ჩაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მართლმადიდებელი ბერი კათოლიკე მღვდელს ეუბნებოდა: “ვერ ჩაატარებ… მე გეუბნები, რომ ვერ ჩაატარებ, ბიჭო”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხსენებულ ცნობებს 19 მაისს, განცხადებით გამოეხმაურა. უწყების პრესსამსახურის თქმით, “ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ, ამასთან, მასში მართლმადიდებელი სასულიერო პირი დისკრედიტებულად იქნა წარმოჩენილი”.
ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა.
ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.
მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკე ეკლესიის ამ დავას “ტაძარზე უსაფუძვლო პრეტენზიას” უწოდებს და საუბრობს “პროვოკაციებსა” და “აგრესიაზე”, ისევე როგორც ეზოში “შეჭრის” მცდელობასა და “ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სრულ იგნორირებასა და არაფრად ჩაგდებაზე”.
“აქვე აღვნიშნავთ, რომ მათ – როგორც კათოლიკე მრევლს, ასევე სასულიერო პირებს, არასდროს შეჰქმნიათ პრობლემა უშუალოდ ტაძრის მოლოცვისა და მონახულებისა”, — ამბობს საპატრიარქო.
წლევანდელმა ლიტურგიამ, კათოლიკე ეკლესიის სააგენტოს ცნობით, მშვიდად ჩაიარა. წირვა გორის სამრევლოს მოძღვარმა, მამა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა. მან მრევლს უთხრა, რომ არ უნდა რცხვენოდეთ თავიანთი რწმენის.
“მთელი წირვის განმავლობაში, ეზოს მთავარ შესასვლელ კართან იდგნენ სამართალდამცველები და სპეციალურად მიჩენილი პირი, რომელიც კარს მხოლოდ მართლმადიდებელი ბერისთვის აღებდა და მისი შესვლის შემდეგ მაშინვე კეტავდა, რომ კათოლიკე ადამიანი ეზოში მთავარი შესასვლელიდან არ მოხვედრილიყო”, – წერს სააგენტო.
მთავარი ფოტო © catholic.ge/
