ახალი ამბები

EU-ს პოლიტიკას რომ დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ მისი წევრი — ღარიბაშვილი ფრენებზე

19 მაისი, 2023 •
EU-ს პოლიტიკას რომ დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ მისი წევრი — ღარიბაშვილი ფრენებზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ვალდებული არაა, რომ დაემორჩილოს ევროკავშირის პოლიტიკას, რადგან არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის შესახებ მან დღეს, 19 მაისს ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება:

“ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერ. და ამას დასჭირდება წლები”, — ამის შესახებ მან რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. კერძოდ, უქმნის თუ არა საფრთხეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ ექმნება, რადგან მთავრობა დასავლელ პარტნიორებს უხსნის რუსეთთან ვაჭრობისა და მიმოსვლის მნიშვნელობას. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს.

“საფრთხე არაფერს შეექმნება. გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად. ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია და მოტივაციაც”, — აღნიშნა მან.

ასევე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერ-მინისტრს, თუ რატომ აღადგინა საქართველომ ფრენები, როცა ევროკავშირის ქვეყნებში რუსული თვითმფრინავები არ დაფრინავენ, რაზეც ღარიბაშვილმა წინა მთავრობა გააკრიტიკა და ჟურნალისტებს მიუთითა, რომ ამ კითხვით “ნაციონალურ მოძრაობას” და “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას” მიმართონ. შემდეგ კი დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა და თქვა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მათ რუსეთთან პოლიტიკისთვის არ გადაუხედავთ და არ შეუტანიათ ცვლილებები:

“დასავლეთის ქვეყნები, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ არამარტო საქართველოში, არამედ ნატოს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა?! მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკა. არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ რუსეთთან პოლიტიკაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს, მათ შორის პარტია “დროა”, რომელიც დღეს, 19 მაისს მოსკოვიდან პირველი რეისის ჩამოფრენისას აეროპორტთან აქციას მართავს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი