ახალი ამბები

რატომ არ შემოაქვთ ჩუტყვავილის ვაქცინა — მინისტრის განმარტება

18 მაისი, 2023 • 1969
რატომ არ შემოაქვთ ჩუტყვავილის ვაქცინა — მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ შემოაქვს მთავრობას ქვეყანაში ჩუტყვავილის ვაქცინა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს.

ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს, 18 მაისს ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა ჰკითხა, რა პრობლემაა, რომ ჩუტყვავილის ვაქცინა არსებობდეს ქვეყანაში და ვისაც სურვილი აქვს, შეძლოს საკუთარი შვილის აცრა.

„ჩუტყვავილის ვაქცინა ჩვენი აცრების კალენდარში ოფიციალურად არცერთ წელს არ ყოფილა, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის და საბჭოს რეკომენდაცია არ ყოფილა, რომ ეს შეგვეტანა კალენდარში. თუ რისკჯგუფების მინიმუმ 80% არ აიცრა, აზრი არ აქვს. ამიტომ იმდენად რთულია, რომ 80%-იანი მოცვა გქონდეს ქვეყნის მასშტაბით, არაეფექტურობამდე მივდივართ და აზრი ეკარგება ამ ვაქცინის შემოტანას. თუმცა ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ვიცით, რომ არაეფექტური იქნება და ის შედეგი არ ექნება, რაც გვინდა, აზრი არ აქვს“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი