ახალი ამბები

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ,  ჩუტყვავილის გართულებით დაიღუპა

18 მაისი, 2023 • 1384
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ,  ჩუტყვავილის გართულებით დაიღუპა

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ,  ჩუტყვავილას ვირუსის გართულებებით დაიღუპა.

როგორც ბავშვის ოჯახის ახლობელი„მთავარ არხთან“ ამბობს, დამძიმებული ბავშვი ჯერ კლინიკა „გორმედში“ მიიყვანეს, სადაც ექიმებმა სათანადო დახმარება არ გაუწიეს, რის გამოც ის ოჯახმა თბილისში ციციშვილის კლინიკაში წაიყვანა.

“ვერ ჩავუსწარით, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახშიო, სად ოთახში ვერ შევიყვანთ?! გადასხმას ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, ან სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

როგორც ნეტგაზეთს „გორმედში“ განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით კლინიკაში მოკვლევა მიმდინარეობს.

„ჩვენთან შემოვიდნენ და ჩვენმა ექიმებმა შესთავაზეს სტაციონალური მკურნალობა, თუმცა ოჯახის წევრებმა არ მოისურვეს ჩვენთან დარჩენა და მაშინვე წავიდნენ თბილისში, კლინიკა თვითნებურად დატოვეს“, – განუცხადეს ნეტგაზეთს „გორმედში“.

როგორც თბილისში, ციციშვილის კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, ბავშვი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით 1 საათში გარდაიცვალა.

„გამონაყარი იყო ჩუტყვავილასი. ანამნეზით ვიცით, რომ იყო ჩუტყვავილა, მე-7 დღე იყო ავადობის, ჩვენთან შემოვიდა გულის გაჩერებით, გაფართოებული გუგებით და სუნთქვის გაჩერებით. ამას ჰქვია უკვე კლინიკური სიკვდილი. გზაში ტრანსპორტირებისას ცუდად იყო, მშობელს მოჰყავდა თვითდინებით. ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ უშედეგოდ. დღეს დილას გარდაიცვალა, დაახლოებით ერთი საათიც არ ყოფილა ჩვენთან, პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო”“ – აცხადებს კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე „მთავარ არხთან“.

როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 4 წლის ბავშვის დაღუპვის შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი