ახალი ამბები

4 გვარი ჩამოთვალეს და დაავიწყდათ, რომ იმ „ჩატში“ იყო მეხუთე გვარი – ჩხეიძე

18 მაისი, 2023 •
4 გვარი ჩამოთვალეს და დაავიწყდათ, რომ იმ „ჩატში“ იყო მეხუთე გვარი – ჩხეიძე

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად კენჭისყრის დაწყებამდე ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საერთო „ჩატში“ არა 4, არამედ 5 ადამიანის გვარი მიიწერა, ვისთვისაც ოპოზიციას მხარი უნდა დაეჭირა.

მისი თქმით, მეხუთე ადამიანი ნინო ნიშნიანიძეა, რომელიც მეორე ტურში გადავიდა და მის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს დღეს, 18 მაისს უყრის.

ნატო ჩხეიძის თქმით, ნიშნიაძის მეორე ტურში გადასვლა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის იყო შეთანხმება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრიდან 4 „ოცნების“ და 1 ოპოზიციის კანდიდატი იქნებოდა არჩეული.

ნატო ჩხეიძის თქმით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ „პირობის შესრულებას“ აპირებს.

„გუშინდელი კენჭისყრის და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ, როცა საზოგადოებისთვის ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი უფრო მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, რომ „ჩატში“ ჩაწერილი იყო ოთხი გვარი: სალაძე, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია. ეს ოთხი გვარი ჩამოთვალეს და თან თქვეს, რომ „ჩატში“ ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ „ჩატში“ იყო კიდევ მეხუთე გვარი – ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“. საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე.

როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზა, რომ „აქ არის გარიგება“ და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. ალბათ, შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც. ამიტომ შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა „ჩატში“ 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 კანდიდატი იყო და რატომ არ თქვა ნიშნიანიძე?“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კენჭისყრამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იცოდნენ, რომ მხარი მხოლოდ 4 კანდიდატისთვის უნდა დაეჭირათ.

მისი თქმით, ეს კანდიდატები იყვნენ: სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, ლია მუხაშავრია და კახა წიქარიშვილი.

ბეჟაშვილის თქმით, ამ ადამიანების სახელები მან კენჭისყრამდე საერთო “ჩატში” მისწერა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბეჟაშვილის თქმით, მისმა უკვე ყოფილმა თანაფრაქციელებმა მხარი სამთავრობო კანდიდატებს დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა 5 ოპოზიციონერ დეპუტატმაც მისცა. ეს დეპუტატები არიან ნიკა მაჭუტაძე, როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი