საქართველოს პრემიერმინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს არჩევნების “პირველ ტურში მიღწეული წარმატება” მიულოცა. სატელეფონო ზარის შესახებ საქართველოს მთავრობა წერს.
“პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი”, — ვკითხულობთ რელიზში.
მთავრობის თანახმად, ღარიბაშვილმა ერდოღანს “მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა”.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდა. იმის გამო, რომ საპრეზიდენტო კენჭისყრაში ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა ხმათა 50%-ზე მეტი, თურქეთის “ცესკომ” 28 მაისისთვის მეორე ტური ჩანიშნა.
უწყების მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხმათა 49.51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი — 44.88%. მესამე კანდიდატს, რომელმაც 5%-ზე მეტი მიიღო, ჯერჯერობით არ უთქვამს, ვის დაუჭერს მხარს მეორე ტურში.
რაც შეეხება პარლამენტს: ოფიციალური შედეგების მიხედვით, 600-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში ერდოღანის პარტია, თავის ნაციონალისტ და ისლამისტ მოკავშირეებთან ერთად, უმრავლესობას კრავს.
20 წელია, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”(AKP) თურქეთს მართავენ.
14 მაისის კენჭისყრაში მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ იყო, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, მემარცხენე-ცენტრისტულ “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას”(CHP) თავმჯდომარეობს. ქილიჩდაროღლუს უმსხვილესი ოპოზიციური ალიანსი უჭერს მხარს, რომელშიც იდეოლოგიურად განსხვავებული 6 პარტია ერთიანდება.
რიგი ფაქტორების, მათ შორის, ქვეყანაში გამწვავებული ეკონომიკური პრობლემებისა და ოპოზიციის ერთიანობის ფონზე, გასული კვირის არჩევნები ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში.
ამავე თემაზე გირჩევთ:
- არჩევნები თურქეთში: ვინ ვინ არის
- როგორ შეიცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ ოპოზიცია მოიგებს
- თურქეთი: რა სტრატეგიით ცდილობს ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას
- ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ
- როგორ შეიცვლება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, თუ ერდოღანი დამარცხდა