ახალი ამბები

„აგინებს ჭავჭავაძეს, აღმაშენებელს… ივანიშვილს“ — კამპანია ბერძენიშვილის წინააღმდეგ

16 მაისი, 2023 • 1322
„აგინებს ჭავჭავაძეს, აღმაშენებელს… ივანიშვილს“ — კამპანია ბერძენიშვილის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის მომხრეებმა ფილოლოგის, მეცნიერის, ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მორიგი კამპანია წამოიწყეს.

ამჯერად ლევან ბერძენიშვილის მადისკრედიტებელი განცხადებები გაავრცელეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფონდ „ქართუს“ მმართველმა.

„ლევან ბერძენიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს. მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, არამედ ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს. ის იღებს დავალებებს და ამ დავალებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს — გახსოვთ, რა ილაპარაკა ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეფეზე…

ასევე მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზე, სამარცხვინო ცილისწამების მთელი კასკადი. ეს გასაკვირი არ არის. როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს, ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს და იქ აწმყოზე, რომ იმავეს აკეთებს გასაკვირი არ არის”, — თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 16 მაისს.

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული ისტორიული ფიგურების კონტექსტში, კობახიძის მსგავსად, ახსენა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა 15 მაისს.

„ბერძენიშვილს არავითარი მორალური უფლება არა აქვს, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ისევე, როგორც საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის სხვა მოღვაწეებზე ისაუბროს,“ — წერს ნიკოლოზ ჩხეტიანი წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

ნიკოლოზ ჩხეტიანისა და ირაკლი კობახიძის მოსაზრებები, ფაქტობრივად იდენტურია. კერძოდ, ჩხეტიანიც მიიჩნევს, რომ „ბერძენიშვილი დღევანდელობას ისტორიის მსგავსად ამახინჯებს“.

„ზუსტად ამის გამოვლინებაა, რომ ყველა თავის საჯარო განცხადებაში, რომელსაც ბერძენიშვილი ასე უხვად აკეთებს, ის ცდილობს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რამენაირად ჩირქი მოსცხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ვერ ნახავთ იმის ერთ მაგალითსაც კი, რაშიც მას ბერძენიშვილი სწამებს ცილს“, — წერს ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის მენეჯერი ივანიშვილზე.

ჩხეტიანი ივანიშვილის დამსახურებებზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს:

„3-მილიარდიანი ქველმოქმედება არ მოიცავს დახმარებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების სასარგებლოდ გასცემდა და დღემდე გასცემს. აღნიშნული დახმარებაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო, ეს დახმარებაც საქველმოქმედო ფონდის ხარჯებში შეეტანა“.

„ბიძინა ივანიშვილი არ საჭიროებს ჩემგან დაცვას“ — წერს ჩხეტიანი წერილში, რომელიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე საუბარსა და ლევან ბერძენიშვილის მხრიდან მისი კრიტიკის გაქარწყლებას ეხება.

ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეების, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებისა და სახელისუფლებო მედიის დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო სივრცეში აქტიურად დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, მათ შორის, გამოთქვამდა კრიტიკულ მოსაზრებებს ივანიშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე.

ივანიშვილის მომხრეებმა კამპანია ბერძენიშვილის წინააღმდეგ, სხვადასხვა დროს საჯარო ლექციებზე ისტორიული ფიგურების მიმართ გამოთქმული მოსაზრებების მიუღებლობის საბაბით წამოიწყეს.

ლევან ბერძენიშვილს ივანიშვილის მომხრეებმა რამდენიმე თვის წინ ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს კახეთში. 15 მაისს ფილოლოგმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი შენიშნა.

„მათ უნდათ შურისძიება ჩემზე იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ თვალში არ მოვუდივარ, ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დაგეგმილი ოპერაციები,“ — განაცხადა ბერძენიშვილმა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი