ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა

15 მაისი, 2023 • 1615
ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა.

მისი თქმით, იმ დროს, როცა თავად შინ არ იმყოფებოდა, მის სახლთან 15-20 ადამიანი იმყოფებოდა ნიღბებით და ეკიპირებით. ბერძენიშვილის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას მისმა ოჯახის წევრებმა მიაწოდეს რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ლევან ბერძენიშვილი არ გამორიცხავს რომ ნიღბიანი პირების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილიყო და აცხადებს, რომ ამგვარი „ოპერაციების“ უკან სახელმწიფო დგას:

„აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს, რადგან გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და მათ იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან. როდესაც დავამთავრე ლექციები, დამირეკეს ოჯახიდან და გამაფრთხილეს, რომ აქ არიან აგრესიულად განწყობილი პირები.

არაფერი უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, რატომღაც ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, როგორც ამბობენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. როგორ უნდა მიმეყენებინა შეურაცხყოფა, თუ ვინმეს ალუდა ქეთელაური წაკითხული აქვს, მან ნახა სიზმარი, რომ აჭმევდნენ კაცის ხორცს, ამაზე იყო საუბარი. მათ უნდათ შურისძიება ჩემზე იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ თვალში არ მოვუდივარ, ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს დაგეგმილი ოპერაციები,“- ამბობს ბერძენიშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან.

28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.

„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს:

„ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“. ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?”

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც – კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

15 იანვარს ყვარელში „ალტ-ინფომ“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩაშალა. ლექციის ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის წევრებმა გზა გადაკეტეს და ყვიროდნენ, რომ ისინი „ერეკლეს შვილიშვილები იყვნენ,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი