შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გენერალურ ინსეპქციას მოკვლევა არ დაუწყია ყვარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
საუბარია 15 იანვარს ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამო ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაეუქმებაზე, რა დროსაც იქ შეკრებილმა უცხო პირებმა მას გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჰკითხა, დაიწყო თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, პოლიცია უმოქმედოდ იდგა და არ უცდიათ, ბერძენიშვილი ლექციაზე შეეყვანათ.
გომელაურის თქმით, „ადამიანზე ხელი არავის დაუდია“ და პოლიციელებსაც „ არაფერი დაუშავებიათ“.
„იქ იყო დაახლოებით 40-50 ადამიანი და პოლიციელი იყო 7 თუ 6 ადამიანი. არ გადმოსულა მანქანიდან ბატონი ბერძენიშვილი, მანქანა არ დაუზიანებიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას, თუ მეტყვით, კი ბატონო – 7 ადამიანს უნდა დაგვეკავებინა, გადაგვეყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში თუ რა უნდა გაგვეკეთებინა?! მანქანა არ დაუზიანებიათ, ადამიანზე ხელი არ დაუდიათ, უკაცრავად.
ეგრე რომ ავიღოთ, როცა 300-500 ადამიანი იკრიბება პარლამენტის წინ, ოპოზიცია და კეტავთ გზას, იქ ბევრ ადამიანს ეზღუდება გადაადგილება, რომელიც მიდის სხვადასხვა ადგილას, ბავშვი მიჰყავს საავადმყოფოში… რა უნდა გავაკეთოთ, 300-500 კაცი დავაკავოთ და გადავიყვანოთ იზოლატორში?! თუ იქნება დაზიანება, ფიზიკური შეხება, ეს სხვა თემაა.
ის არც გადმოსულა მანქანიდან და რა მოკვლევა უნდა დაგვწეყო?! პოლიციას რაზე მივცეთ საყვედურები, რა უნდა გაეკეთებინათ?! – გადმობრძანდით, მობრძანდით, ამათ დავაკავებთ?! რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცი“, – განაცხადა გომელაურმა.