ახალი ამბები

ევროკომისიის 12 პირობიდან კვლავ მხოლოდ ერთია შესრულებული – სტატუსმეტრი

16 მაისი, 2023 • 882
ევროკომისიის 12 პირობიდან კვლავ მხოლოდ ერთია შესრულებული – სტატუსმეტრი

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პირობიდან ამ ეტაპზე შესრულებული ისევ ერთია.

შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა, 2023 წლის 16 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობას, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ნაბიჯებს ასახავს.

„სტატუსტმეტრის“ პრეზენტაცია დღეს, 16 მაისს გაიმართა და მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრენ. ორგანიზატორების განცხადებით, პრეზენტაციაზე მიწვეული იყო „ქართული ოცნებაც“, თუმცა მმართველი გუნდიდან არავინ მისულა.

სტატუსმეტრით ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულება შეფასებულია  4 სხვადასხვა ვერდიქტით:

  • შესრულდა – პრიორიტეტი სრულად შესრულებულია;
  • მეტწილად შესრულდა  – პრიორიტეტის დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ცალკეული საკითხები კვლავ დარჩენილია;
  • ნაწილობრივ შესრულდა – პრიორიტეტთან დაკაკშვირებული საკითხების ნაწილი შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შესასრულებელია;
  • შესასრულებელია – პრიორიტეტი კვლავ შესასრულებელია, ან პრიორიტეტის ირგვლივ არსებული სიტუაცია გაუარესდა, ან პრიორიტეტის შესასრულებლად საჭირო მრავალ საკითხს შორის, მხოლოდ მცირე და შედარებით უმნიშვნელო ნაწილია შესრულებული, რაც საერთო ფონს ვერ ცვლის

შეფასებითი დოკუმენტი საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა აპრილშიც გამოაქვეყნეს. ორგანიზაციების ამჟამინდელი შეფასებით,  პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა.

მესამე სექტორის შეფასებით, ამ დროისთვის შესრულებულია მხოლოდ 1 პრიორიტეტი, რომელიც ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(ECHR-ის) გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მეტწილად შესრულებულია 2 პრიორიტეტი – ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ნაწილობრივ შესრულებულია 4 პრიოტეტი – საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

სტატუსმეტრის მიხედვით, ამ ეტაპზე შესასრულებელია 5 პრიორიტეტი – დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შეფასებით დოკუმეტს არასამთავრობო ივნისშიც გამოაქვეყნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი