ახალი ამბები

„აზიმუტმა“ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

16 მაისი, 2023 • 810
„აზიმუტმა“ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

ავიაკომპანია „აზიმუტმა“, რომელმაც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოში 15 მაისს მიიღო, საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

ავიაკომპანიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა მას შემდეგ, რაც „ფეისბუქის“ ქართველმა მომხმარებლებმა და მედიამ გაავრცელეს ინფორმაცია, „აზიმუტის“ მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„აი, რომ წარმოიდგინოთ როგორი სწრაფი კავშირია საქართველოს ხელისუფლებასა და რუსებს შორის. 2 საათის წინ გავაკეთე სქრინი და დავდე ფბ-ზე, სადაც ჩანდა რომ ავიაკომპანია „აზიმუტის“ ვებზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო. 2 საათში წაშალეს ვებიდან“, — წერს გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

ამასთან, „აზიმუტმა“ საიტიდან წაშალა ყველა კვალი, სადაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოიხსენიებდა.

რუსული ავიაკომპანიის ვებსაიტზე მსგავსი შინაარსის მასალები, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ჯერ კიდევ 15 მაისს, დღეს უკვე აღარ იძებნება.

„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მას შემდეგ, რაც „დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“. კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი