ახალი ამბები

„ოცნება“ არაა ევროპული ოცნება – ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

12 მაისი, 2023 •
„ოცნება“ არაა ევროპული ოცნება – ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება.

ასე ეხმიანება ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან ევროპის სოციალისტური პარტიის(PES) დატოვების შესახებ გააკეთა.

კერძოდ, ირაკლი კობახიძემ PES-ის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად პარტიის იდეოლოგიური ტრანსფორმაცია დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი და შეუთავსებელია.

მაიკლ როთმა კობახიძის ამ განცხადებას აღმაშფოთებელი უწოდა.

„აღმაშფოთებელია! არ არსებობს ევროპის სოციალისტური პარტიის  „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“. სოციალ-დემოკრატია ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის ერთგული! სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება“, – წერს მაიკლ როთი ტვიტერზე.


11  მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის სოციალისტურ პარტიას(PES) ტოვებენ.

ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში გეგმავდა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელ სოციალისტებს გადაწყვეტილების მიღება დაასწრო და პარტია თავად დატოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან თანამშრომლობის გადახედვაზე „საჯარო მუქარა“ მათთან კომუნიკაციის გარეშე გაისმა.  კობახიძის თქმით,  PES-ის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი