საზოგადოება

ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს “ოცნებამ” ევროპაში, თუ სოციალისტებთან კავშირი შეწყდება

11 მაისი, 2023 • 911
ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს “ოცნებამ” ევროპაში, თუ სოციალისტებთან კავშირი შეწყდება

„ქართული ოცნება“ შესაძლოა, ევროპაში პარტნიორი პარტიის გარეშე დარჩეს.

სანამ ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მმართველ პარტიაში მათთან თანამშრომლობის გადახედვას თავად აანონსებენ და არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება ევროპელ პარტნიორებს დაასწრონ.

რა ხდება?

ევროპის სოციალისტურმა პარტიამ (PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს. „ქართული ოცნების“ პარტნიორების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობდა. რამაც „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია.

4 მაისს კონფერენციაზე დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

თუმცა, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებით, მათ ღრმა შეშფოთებას არა მხოლოდ ღარიბაშვილის განცხადებები, არამედ „ქართული ოცნების“ ქმედებებიც იწვევს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ სტატუსთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის, სტეფან ლოვენის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ “რუსული კანონის” მიღებას აპირებდა.

ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში განიხილავს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ უკვე აანონსებენ, რომ PES-თან თანამშრომლობის მიზანშეწონილობაზე ივნისამდე თავად აპირებენ იმსჯელონ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვთ.

ევროპის სოციალისტური პარტიასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ღირებულებათა განსხვავებაზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც.

ის ადამიანები კი, ვინც „ქართული ოცნებისა“ და ევროპის სოციალისტური პარტიის ურთიერთობებს კარგად იცნობენ, ურთიერთობის დაძაბვას უკავშირებენ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ პოლიტიკას.

„ოცნების“ ჩამოშორების საკითხი კანონზომიერია

არმაზ ახვლედიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო, ნეტგაზეთთან იხსენებს, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მას სთხოვა, ევროპის სოციალისტურ პარტიასა და „ქართული ოცნებას“ შორის თანამშრომლობისთვის ხელი შეეწყო.

„ზუსტად 10 წლის წინ მე მქონდა პირველი შეხვედრა ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივანთან, პრეზიდენტთან, სხვა ხელმძღვანელებთან და ვთხოვდი მათ, რომ განეხილათ „ქართული ოცნების“ პარტნიორად მიღება. ოღონდ, ჩვენი ამ მსჯელობის პირველივე საათებიდან მე მათ მკაფიოდ ვეუბნებოდი, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო იმის კვალობაზე, თუ რამდენად შეძლებდა „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას და რამდენად სწრაფი ტემპით დაიწყებოდა შიდაპარტიული დემოკრატია, რაც გახდებოდა მთელი პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების საფუძველი“, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი ნეტგაზეთთან.

10 წლის შემდეგ არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამშრომლობის საწყის ეტაპებზე ვერ შეასრულა ნაკისრი ვერც ერთი პარტიული ვალდებულება. ამიტომ კანონზომიერად მიაჩნია, რომ ახლა „ქართული ოცნების“ ევროპელი პარტნიორები მისგან თავის დაღწევის და ჩამოშორების საკითხს განიხილავენ.

არმაზ ახვლედიანი ხვდება ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალურ მდივანს, 2013 წელი

არმაზ ახვლედიანის თქმით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული დემოკრატიული გზიდან გადახვევას პარტნიორები განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდებოდნენ. თუმცა, მისი თქმით, ევროპელი სოციალისტებისთვის ყველაზე საგანგაშო აღმოჩნდა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის „ორჭოფული პოზიცია“, რასაც მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა და რუსული კანონის მიღების განხილვაც დაემატა.

„ახლა ვიქტორ ორბანთან ეს ვიზიტი, სრულიად სამარცხვინო გარიგება და ალიანსი, აღმოჩნდა ბოლო წვეთი ევროპელი სოციალისტებისთვის. ცხადია, მათ სრული უფლება აქვთ, მორალურიც და პოლიტიკურიც, რომ ასეთ ორპირა პარტნიორზე უარი თქვან“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ახლა „ოცნებას“ სურს, მოვლენებს დაასწროს და თავად გავიდეს ევროპელი სოციალისტების ოჯახიდან, თუმცა ამით არსებითად არაფერი შეიცვლება.

„ყველა ხვდება, რომ ევროპელი სოციალისტების და „ქართული ოცნების“ დაშორების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ „ოცნებამ“ უარი თქვა ევროპულ ღირებულებებსა და დასავლურ პრინციპებზე. დღეს დატოვებს „ოცნება“ ამ ოჯახს თუ ხვალ, ყველა შემთხვევაში, ის გარიცხულად ჩაითვლება“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

რას გადაწყვეტს ევროპის სოციალისტური პარტია?

ლუვენის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტრი და ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის თანახელმძღვანელი თეონა ლავრელაშვილიც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ თავად გადაწყვეტს, გამოვიდეს ევროპის სოციალისტური პარტიიდან.

თუმცა თეონა ლავრელაშვილისთვის, მიუხედავად ბრიუსელში „ქართული ოცნების“ არასახარბიელო იმიჯისა, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადება მაინც მოულოდნელი იყო, რადგან:

  1. ევროპის სოციალისტური პარტია საქართველოში აქტიური არ არის და მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია მათი წევრია, საქართველოთი დაინტერესება ყოველთვის საკმაოდ მცირე იყო.
  2. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ევროპის ძირითად პარტიებში [ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის] პარტიებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება.

როგორც თეონა ლავრელაშვილი ამბობს, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადება „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის გარეშე გაკეთდა, რადგან, როგორც წესი, მსგავსი სენსიტიური საკითხები, რაც გარიცხვას ან უფლების დროებით შეჩერებას უკავშირდება, ევროპის პოლიტიკურ პარტიების შიგნით, კულუარებში ხდება. ამიტომ, თეონა ლავრელაშვილის თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ „ცივი შხაპივით“ აღმოჩნდა.

თეონა ლავრელაშვილი ვარაუდობს, რომ თუ „ოცნებასა“ და PES-ს შორის ურთიერთობა მხოლოდ საჯარო გამოსვლებით წარიმართება, მაშინ „ქართული ოცნება“ ამ ევროპული პარტიიდან თავად გამოვა.

„წესით, უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ წინასწარ კომუნიკაცია ჰქონდათ. ეს კომუნიკაცია რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა ზომებს მიიღებდა „ქართული ოცნება“. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მათთვის საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი ევროპის სოციალისტური პარტიის ეს პოლიტიკური განცხადება, რადგან მათ იმიჯზე მაინც მოქმედებს და არ უნდა აწყობდეთ, რომ მათი პარტნიორი პარტია უცებ ასეთი განცხადებით გამოდის“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

თეონა ლავრელაშვილი

მიუხედავად ევროპელი სოციალისტების მიერ საქართველოთი ნაკლები დაინტერესებისა, თეონა ლავრელაშვილი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც PES-ში წევრობასთან დაკავშირებით მიდგომა გამკაცრდა.

ერთ-ერთ ფაქტორად ის ევროპარლამენტში მომხდარ კორუფციული სკანდალს ასახელებს, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის წევრებს უკავშირდება. მისი თქმით, ახლა პარტიას თავისი რეპუტაციის გამოსასწორებლად გარკეულ დონეზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დემოკრატიულ სტანდარტებს იცავენ.

მეორე ფატქორად კი თეონა ლავრელაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ახალ პრეზიდენტს გამოყოფს, რომელიც შვედი სტეფან ლოვენია. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ შვედებს განსაკუთრებული აქცენტი აქვთ გაკეთებული დემოკრატიულ სტანდარტებზე და ახალ პრეზიდენტსაც სურს, ახალი პოლიტიკა გაატაროს. სწორედ სტეფან ლოვენმა დააყენა მარტში „ქართული ოცნების“ სტატუსის გადახედვის საკითხი.

„რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ ქმედებებს. მე ვფიქრობ, რომ წინასწარ წერილობითი კომუნიკაცია მაინც უნდა ჰქონოდათ ევროპის სოციალისტური პარტიასთან, რომ უნგრეთში ამ კონფერენციაზე წასვლას აპირებდნენ“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

თუმცა, თეონა ლავრელაშვილის თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებაში ცალსახად არ იკითხება, რომ ისინი „ქართული ოცნების“ გარიცხვაზე საუბრობენ.

„ამ განცხადების შინაარსსაც რომ დავუკვირდეთ, იქ ჯერ არ არის საუბარი გარიცხვაზე, საუბარია გადახედვაზე. რამდენიმე მაგალითია ბულგარეთის და რუმინეთის პარტიების, რომლებიც კი არ გარიცხეს ევროპის სოციალისტური პარტიიდან, დროებით შეუჩერეს ხმის მიცემის უფლება და შემდეგ ისევ აღუდგინეს.

„ქართულ ოცნებას“, რადგანაც დამკვირვევებელი წევრია, ხმის მიცემის უფლება [პარტიის შიგნით] ისედაც არ აქვს, თუმცა ისინი დადიან ხოლმე PES-ის გენერალურ და პოლიტიკურ ასამბლეებზე. ამიტომ შესაძლოა, მათ ღონისძიებებზე დაშვება შეუზღუდონ და დროებით ჩამოერთვათ უფლება, რომ ისარგებლონ ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებებით“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებიან ევროპელი სოციალისტების კონგრესს, რომელიც 2022 წელს 14-15 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა

ვინ შეიძლება იყოს „ოცნების“ მომავალი პარტნიორი?

მიუხედავად, იმისა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის წევრად, თეონა ლავრელაშვილი ნეტგაზეთთან ასახელებს ევროპის იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელთანაც შესაძლოა პარტნიორის გარეშე დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობა განიხილოს.

ევროპარლამენტში ამჟამად 7 პოლიტიკური ჯგუფია:

  1. ევროპის სახალხო პარტია
  2. სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  3. Renew Europe (რომელიც ლიბერალ-დემოკრატებს აერთიანებს)
  4. მწვანეთა პარტია (ორიენტირებულია მწვანე პოლიტიკაზე, ასევე მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვაზე)
  5. ევროპული კონსერვატიული და რეფორმისტთა ჯგუფი
  6. იდენტობა და დემოკრატია (ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პოპულისტურ და ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს)
  7. ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების ჯგუფი(მხარს უჭერენ მუშათა უფლებებს, გარემოს დაცვას, ფემინიზმს, მშვიდობასა და ადამიანის უფლებებს)

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ PES-ს დატოვებს, რომელიც ევროპარლამენტში სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსში შედის, დარჩენილი ჯგუფებიდან, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმესთან მმართველი პარტიის თანამშრომლობა თავიდანვე გამორიცხულია. მაგალითად, ასეთია ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“, შესაბამისად, მოსალოდნელი არაა, რომ „ოცნებამ“ ენმ-ის პარტნიორებთან თანამშრომლობა გადაწყვიტოს.

„ქართული ოცნების“ რიტორიკიდან გამომდინარე, უდიდეს ალბათობით, ვერ შედგება პარტნიორობა ლიბერალების და მწვანეების პოლიტიკურ ჯგუფთანაც. ამასთან,  ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსში საქართველოდან 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება – რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“.

რაც შეეხება მწვანეთა პარტიას,  „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები აქაც არიან. მათ შორის ერთ-ერთია გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს.

ამიტომ, თეონა ლავრელაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას სხვებთან შედარებით კონსერვატორების ჯგუფი შეესაბამება.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპულ კონსერვატიულ და რეფორმისტთა ჯგუფში პოლონეთის მმართველი პარტია შედის, რომლის ერთ-ერთი წევრიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. „ქართული ოცნების“ მიმართ ანა ფოტიგას კრიტიკული პოზიცია კი საჯაროდაა ცნობილი, გარდა ამისა, ცნობილია პოლონეთის მმართველი პარტიის დამოკიდებულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

„ანა ფოტიგა არის კერძო პარლამენტარი და არ წარმოადგენს მთლიანად პოლიტიკურ ჯგუფს. ამიტომ ის მთელი პოლიტიკური ჯგუფის სახელით არ საუბრობს. როცა ხდება სხვა წევრის მიღება, ეს ხდება უმრავლესობის თანხმობით. შეიძლება ფოტიგა წინააღმდეგი იყოს, მაგრამ გააჩნია, რამდენად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თავიანთი პარტიის წარმოჩენა და ლობიზმი“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

თეონა ლავრელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი პარტნიორის პოვნა სულაც არ სურდეს ევროპულ პოლიტიკურ ჯგუფებში.

„მმართველ პარტიებს ყოველთვის ურჩევნიათ ძლიერ პარტიებში გაწევრება. თუ თავის თავს ვერ ხედავს ასეთ პარტიაში სხვადასხვა ფაქტორის გამო, ამიტომ, პრაგმატულად და პოლიტიკურად რომ ვიმსჯელოთ, ურჩევნია, ევროპული პარტიის გარეშე დარჩენა, ვიდრე სუსტ პარტიაში შესვლა და იქ მაინც ნაკლები გავლენის ქონა. აქ კითხვა არის ისიც: უნდათ კი? – რამდენად არის ამის სურვილი, რომ პროაქტიური თანამშრომლობა ჰქონდეთ?“ – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

არმაზ ახვლედიანი კი გამორიცხავს, რომ ევროპაში მეტ-ნაკლებად გავლენიანმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა ისურვოს.

„მახსენდება, როცა 1990-იანი წლების ბოლოს ასლან აბაშიძემ აჭარის ე.წ. ევროპული ვექტორის შექმნა განიზრახა და მან თავისი და აჭარის ბედი დაუკავშირა სრულიად ანომალიურ ორგანიზაციას, 5 კაცის გაერთიანებას – ევროპის რეგიონთა ასამბლეას, რომლის წევრიც გახდა მაშინ აჭარის რეგიონი. ასლან აბაშიძე ყველას ეუბნებოდა, რომ ამით აჭარამ დაასწრო მთელ საქართველოს ევროკავშირში შესვლაო. რა თქმა უნდა, ეს სასაცილო იყო, სატირალი რომ არ ყოფილიყო. მსგავს პარტნიორს ღარიბაშვილიც და ივანიშვილიც იპოვიან, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ბინძური თამაში დიდხანს ვეღარ გაგრძელდება“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

თუმცა არმაზ ახვლედიანს სახიფათოდ მიაჩნია მმართველი ძალის ევროპელი პარტნიორის გარეშე დატოვება. მისი თქმით, ეს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულწილად აწყობს კიდეც, რათა შემდეგ „გარიყულის სტატუსი ჰქონდეს და უფრო თამამი ნაბიჯებით შეძლოს კრემლის ინტერესების განხორციელება“.

რა გავლენა ექნება EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე „ოცნების“ პარტნიორის გარეშე დარჩენას?

ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა გავლენა ექნება ამ პროცესში „ქართული ოცნებისა“ და ევროპაში მისი პარტნიორი პარტიის ურთიერთობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპელი სოციალისტები ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერის პარტიას აერთიანებენ. მათ შორისაა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის – გერმანიის კანცლერის პარტია, ასევე, ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის მმართველი პარტია.

თუმცა თეონა ლავრელაშვილი ამბობს, რომ ეს უფრო მეტად პარტიული საკითხია და ამიტომ „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტნიორების ურთიერთობას ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესზე არსებითი გავლენა არ ექნება.

„მე ვფიქრობ, ევროპის სოციალისტური პარტიის გადაწყვეტილება იმოქმედებს „ქართული ოცნების“ იმიჯზე, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, პარტიულ საკითხებს ყურადღება მიექცევა, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი. ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკმაოდ რეალისტურია, ამიტომ მგონია, რომ პარტიული საკითხები გვერდით გადაიწევს და ჩვენს სტატუსზე ამას არსებითი გავლენა არ ექნება. მით უმეტეს, ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის გათვალისწინებით“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი