ახალი ამბები

ევროპის სოციალისტური პარტია „ოცნებას“ პასუხობს

12 მაისი, 2023 • 944
ევროპის სოციალისტური პარტია „ოცნებას“ პასუხობს

ევროპის სოციალისტური პარტიის(PES) განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ან არ სურდა პარტნიორებისთვის დამაკმაყოფილებლად აეხსნა თავისი ქმედებები.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ევროპის სოციალისტური პარტიაში განუცხადეს.

მათი თქმით, PES-ის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა განიხილავდა, შეშფოთებას გამოხატავდა და გმობდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს, რომლებითაც პარტია სცდებოდა ევროპის სოციალისტური პარტიის ღირებულებებს.

„PES-მა ასევე საჯაროდ გამოხატა შეშფოთება მარტში, PES-ის საგარეო პოლიტიკის ქსელის შეხვედრაზე; ასევე, მარტში და აპრილში, უმაღლეს დონეზე, PES-ის საპრეზიდენტო შეხვედრებზე, რომლებსაც თავმჯდომარეობას უწევდა სტეფან ლოვენი.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ან არ სურდა, დამაკმაყოფილებლად აეხსნა თავისი ქმედებები PES-ისთვის. როგორც ამ თვეში უკვე ითქვა, PES-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეეფასებინა ქართული ოცნების სტატუსი ივნისის შეხვედრაზე. PES-ს მხედველობაში აქვს ოცნების ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები. პარტიამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ოფიციალური წერილი ოცნებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. წერილის მიღების შემდეგ PES გასცემს შესაბამის პასუხს“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ევროპის სოციალისტურ პარტიაში.


11  მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის სოციალისტურ პარტიას(PES) ტოვებენ.

ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში გეგმავდა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელ სოციალისტებს გადაწყვეტილების მიღება დაასწრო და პარტია თავად დატოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან თანამშრომლობის გადახედვაზე „საჯარო მუქარა“ მათთან კომუნიკაციის გარეშე გაისმა.  კობახიძის თქმით,  PES-ის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია. მისი თქმით, ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

PES-ის დატოვების მიზეზებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდიდა. მის თქმით, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი და შეუთავსებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი