ახალი ამბები

ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს – გახარია პუტინის გადაწყვეტილებებზე

10 მაისი, 2023 • 732
ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს – გახარია პუტინის გადაწყვეტილებებზე

გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის “საქართველოსთვის” დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია: 

“რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას”, – აცხადებს გახარია 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაში და იქვე “ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ახსენებს: 

“ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ”. 

  • 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის. 
  • თბილისში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ – მმართველი პარტიის ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმებიან პუტინის გადაწყვეტილებას, ოპოზიცია და დამოუკიდებელი ექსპერტების დიდი ნაწილი კი  თვლის, რომ რუსეთმა „დააფასა“, საქართველოს მთავრობის ქმედებები. 
  • ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ  რუსეთის ეს გადაწყვეტილება საფრთხეა საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციისთვის და ხელს შეუშლის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნა. 
  • პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მოუწოდა მთავრობას, შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 

 გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის, 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე კი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.  

2019 წელს, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს მოქალაქეების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა თბილისში, გახარია შს მინისტი იყო. პროტესტი მაშინ ძალის გამოყენებით ჩაახშეს, რა დროსაც ათობით მოქალაქე დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი