ახალი ამბები

ოთხი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დეკანოიძე ენმ-ს ტოვებს

24 მარტი, 2023 • 4657
ოთხი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დეკანოიძე ენმ-ს ტოვებს

პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ ტვ „პირველზე“, „რეაქციაში“ განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და საპარლამენტო ფრაქციას დატოვებს. დეკანოიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, როდის გაფორმდება ეს ოფიციალურად, თუმცა დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პარტიის დატოვება გადაწყვიტა.

დეკანოიძემ პარტიის დატოვების მიზეზები რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:

1. პარლამენტის ბოიკოტის თემა

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა პარლამენტის ბოიკოტირებას.

„თავიდანვე ვთვლიდი, რომ დავუშვით შეცდომა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს არ მოვაწერეთ ხელი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. თავიდანვე მინდოდა, რომ შევსულიყავით პარლამენტში…

შეცდომა იყო, როცა ჩავხსენით სიები. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც გადის და სხვა ვერ შემოდის პარლამენტში“, — აღნიშნა დეკანოიძემ. მისი თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით და ასევე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით ოპოზიცია დაზიანდა.

„უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, როგორია ქართული ოცნება. თქვენ, ოპოზიციამ დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპული ლიგის წევრები“, — აღნიშნა დეკანოიძემ და დასძინა, რომ პარლამენტი არის ტრიბუნა, რომლის ეფექტიანად გამოყენება არსებულ ვითარებაშიც არის შესაძლებელი. ამის დასტურად ის იხსენებს რუსულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

„არის გავრცელებული მოსაზრება, რომ რა გინდათ პარლამენტში, ქართულ ოცნებასთან მაინც არაფერი გამოვა და ა.შ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შევდივარ დარბაზში, მე მომწონს, მაგალითად, დაჩი ბერაიასთან კამათი? თან, რომ შედიხარ, ეგრევე ძალადობაზე გადმოდიან“, — თქვა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 პუნქტზე შეთანხმება მოხდეს, რადგან სწორედ ამ პუნქტების შესრულებაზეა დამოკიდებული, საქართველო წლის ბოლოს მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

2. პოლიტსაბჭოს არჩევნები ენმ-ში

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს, მოულოდნელად, ვადაზე ადრე გაიმართა პარტიის ყრილობა, სადაც  ასევე აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოს მანამდე მოქმედი წევრები ღიად აცხადებდნენ, რომ ეს მათთვის სიურპრიზი იყო, რის გამოც მწვავედ გააკრიტიკეს ენმ-ის ახალი მენეჯმენტი.

„შინაგანი წინააღმდეგობა მქონდა პოლიტსაბჭოს არჩევნებზე, რაც არ იყო გამჭვირვალე. ეს იყო მორალურად ჩემთვის მძიმე.

მივედი ყრილობაზე და მალევე წამოვედი. მერე გავიგე, რომ პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩატარებულა“, — თქვა დეკანოიძემ „რეაქციაში“.

3. ლევან ხაბეიშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გეგმა

„არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. ის იყო საკრებულოს კარგი თავმჯდომარე, ანტიკორუფციონერი, სხვა ყაიდის პოლიტიკოსი და ა.შ.

მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ძლიერი საერთაშორისო წნეხის გარეშე შეუძლებელია სააკაშვილის გათავისუფლება. ხაბეიშვილის ეს განცხადება [სააკაშვილის ფიზიკურად დახსნის შესახებ] იყო ძალიან ცუდი მისთვისვე, რადგან ის გახდა ამ განცხადების მძევალი. ასეთი განცხადება აუცილებლად დაგიბრუნდება უკან. ახლა ყველა მაგას ეტყვის. და რა აქტივობებიც ამ განცხადებას მოჰყვა, ადამიანებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს იყო აქტივობა აქტივობისთვის“, — თქვა დეკანოიძემ.

მან გაიხსენა აქციები პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც ენმ-ის მხარდამჭერები სააკაშვილის შეწყალებას პრეზიდენტისგან ითხოვდნენ.

დეკანოიძე ასევე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ხაზი არჩვენების დროს არასწორად იქნა წაყვანილი.

4. ვანო მერაბიშვილი

„ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის საქმიანობაში ერევა“,  — აღნიშნა დეკანოიძემ და დასძინა, რომ ეს ფაქტი არ მოსწონს და პარტიისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

„ვანო მერაბიშვილის განცხადებები, რომ შარავანდედივით წამოადგა ამ პარტიას, ეს არის სრულიად ძველი პარადიგმა. ძველი პარადიგმით ეს პარტია ვერ იმოქმედებს. ერეოდა თავმჯდომარის არჩევნებში, რა თქმა უნდა“, — თქვა ხატია დეკანოიძემ.

ის სხვადასხვა დროს, ენმ-ის მმართველობისას, მუშაობდა როგორც შსს-ში, ისე განათლების მინისტრის პოზიციაზე. თუმცა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს მინისტრობისას ჰქონდა სისტემური ჩავარდნები, მათ შორის, მისი აზრით, არის სანდრო გირგვლიანის საქმეც.

„ვერ აუკრძალავ ვერავის სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ თუ მერაბიშვილს უნდა საჯარო პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ უნდა გაბედოს და მოვიდეს. თუ ეს შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, არის ძველი პარადიგმა, რაც არ იმუშავებს“, — თქვა ენმ-ის უკვე ყოფილმა წევრმა და ინტერვიუს ბოლოს დასძინა:

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი და პარტიის ურთიერთობის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს.“

როგორც დეპუტატი ამბობს, სხვა პარტიაში არ გადადის და პოლიტიკურ ბრძოლას ამ ეტაპზე დამოუკიდებლად გააგრძელებს.

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი