ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ევროპა მშვიდობაა, რაც არ უნდა ფრონტებზე ლაპარაკობდნენ ვიღაცები

9 მაისი, 2023 • 2458
ზურაბიშვილი: ევროპა მშვიდობაა, რაც არ უნდა ფრონტებზე ლაპარაკობდნენ ვიღაცები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით საქართველოს სტრატეგიული ადგილი და ქვეყნის სამომავლო როლი.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირი ქვეყნების ერთადერთი გაერთიანებაა, რომელმაც მისი წევრ სახელმწიფოებს სრულად შეუნარჩუნა საკუთარი იდენტობა და მოახერხა მათი მშვიდობის დაცვა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპა საქართველოსთვისაც მშვიდობიანი მომავლის გარანტია:

„ჩემი იმედია, ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ. აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ევროპაში მივდივართ. აქ იყოს ის ცხოვრების, სამუშაო სტანდარტები და კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ ევროპაში. […] ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი კარგად ესმით [ევროპაში]. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა.

ეს არის ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი გაერთიანება , რომელმაც ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დასხმია თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს რაც მთავარია“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი