ახალი ამბები

ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები იზრდება

8 მაისი, 2023 • 2231
ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები იზრდება

პარკებში ან ღია სივრცეებში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი პირობა, შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გაიყვანოს მეპატრონემ ალიკაპით ან საბელით, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა.

„პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, პარლამენტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევა.

საკითხი ეხება შინაური ცხოველების სეირნობას პარკში და ღია სივრცეში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად თან სდევს პრობლემები – ძაღლების ჩხუბი და პატრონიანი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს აკონტროლებენ, ვფიქრობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ის მეპატრონეებისთვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი