სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ბრიფინგს და აცხადებს, რომ „ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას“.

სააგენტო ამბობს, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სწორედ იმ ხუთი კომპონენტის გათვალისწინებით დაიგეგმა და უკვე ხორციელდება, რომლებსაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მოთხოვნის სახით დღეს აყენებენ.

უწყების განცხადებით, პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელიც ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტია, და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში.

„უფრო კონკრეტულად:

  1. პროგრამა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებით დაიგეგმა და სწორედ CNVR მეთოდით (დაჭერა, სტერილიზაცია , ვაქცინაცია, და პირვანდელ გარემოში დაბრუნება) მიმდინარეობს.
  2.  ძაღლების გამრავლების საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით. სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის ახორციელებს: პატრონიანი ძაღლების (ძუ, ხვადი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას (ჩიპირება); მიუსაფარი /მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას.
  3. ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი გამრავლების კონტროლი უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას და იდენტიფიცირებული ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობას.
  4. პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულნი არიან ამ მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები და ცხოველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს ;
  5. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით იგეგმება. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა – ფეისბუკ გვერდი, რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება. მათ შორის ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები. ამასთან, ამავე პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ტენდერების შესახებ“.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „ის ცრუ ბრალდებები და ფაქტების დამახინჯება, რომლებიც ვრცელდება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას მოკლებულია“.

იხილეთ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების განცხადება:

5 ნაბიჯი მიუსაფარი ცხოველების პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად – განცხადება