ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ამის შესახებ დღეს, 8 მაისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
დეკანოიძე და გოცირიძე პარლამენტში საარჩევნო ბლოკის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“, სიით მოხვდნენ.
ქადაგიშვილის თქმით, ერთი საარჩევნო ბლოკის სიით პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატებს, მათი პარტიის დატოვების შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუ მათთან ერთად სხვა სიით შესული დეპუტატებიც გაერთიანდბებიან.
თუმცა, ქადაგიშვილის თქმით, რეგლამენტში შესული ცვლილებები ამის შესაძლებლობას აძლევს ერთი პარტიის სიით შესულ დეპუტატებს. მაგალითად, ასე შექმნეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან გასულმა „ხალხის ძალის“ წევრებმა და პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრებმა, რომლებიც ასევე „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდნენ პარლამენტში.
ხატია დეკანოიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის გაძლიერება არ სურს.
„საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ, რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, იმისათვის, რომ მათ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ, რეგლამენტში ცვლილებების ინიცირებას მოახდენენ.
„ნაციოანალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის შესახებ წინა კვირას განაცხადეს.
დეკანოიძემ და გოცირიძემ „ნაციოანალური მოძრაობა“ მას შემდეგ დატოვეს, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.