ახალი ამბები

პოლიციელები 1 კვ.მ.-ში 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს — ღარიბაშვილი

5 მაისი, 2023 • 1224
პოლიციელები 1 კვ.მ.-ში 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენს სახელმწიფო დაფარავს — ღარიბაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

ერთ-ერთი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

„დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე. სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია. მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება სამუშაოები“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მილიონ ლარს.

„პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს — კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს. დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო. ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი სურვილია, ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის აპრილში დააანონსა.

პროექტი თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი