2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირედით, 1.9-დან 1.96 მლრდ ლარამდე იზრდება.
თუ არაფერი შეიცვალა, თავდაცვის ხარჯები მშპ-ს მიმართ 2027 წელსაც 2%-ზე ნაკლები იქნება. უკვე 15 წელია, საქართველო რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს როგორც აბსოლუტურ ნაჩვენებელში- დოლარებში, ისე მშპ-სთან მიმართებით.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი სერიოზული გამოწვევაა და ქვეყანას საგარეო საფრთხეების მიმართ მოწყვლადს ხდის.
როგორ გამოითვლება და რა განსაზღვრავს თავდაცვის ხარჯებს?
თავდაცვის ხარჯები ძირითადად 2 პარამეტრით იზომება: რამდენს ხარჯავს ქვეყანა ჯამურად დოლარებში და რამდენია ეს ხარჯი მისსავე ეკონომიკასთან მიმართებით. რეალურ ბრძოლისუნარიანობაზე გავლენას კიდევ ბევრი ფაქტორი ახდენს, მათ შორის მემკვიდრეობა – იარაღის რა მარაგი გააჩნია ქვეყანას და არის თუ არა სახელმწიფო ბირთვული კლუბის წევრი, როგორია პროფესიული მომზადების დონე, აქვს თუ არა ჯარს რეალური საბრძოლო გამოცდილება, როგორია საბრძოლო ჟინი და რამდენი სამხედროა მზად თავგანწირვისთვის, გამოყოფილი თანხიდან რა წილი იხარჯება ხელფასებზე, კვებაზე, ინფრასტრუქტურაზე და რა- შეიარაღებაზე. ყოველივე ეს ცალკე კვლევის საგანია. ბიუჯეტი კი შედარებით მარტივად გასაზომია.
თავდაცვის ხარჯები ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრება. მეხუთე წელია საკუთარ ეკონომიკასთან მიმართებით ყველაზე მეტს უკრაინა ხარჯავს, რაც 2025 წლის მდგომარეობით მშპ-ის 39.6%-ს უდრის. ახალი ზელანდია კი, რომელიც ვინმესგან საფრთხეს ნაკლებად ელოდება, თავდაცვაზე მშპ-ის 1.1%-ს ხარჯავს.
თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების მოცულობაზე პოლიტიკური გარემო უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. 1985 წელს, საბჭოთა კავშირის სათავეში გორბაჩოვის მოსვლის მომენტში სახელმწიფოები გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საშუალოდ მშპ-ის 4.2%-ს ხარჯავდნენ, 1991 წელს- 3%-ს, რომელიც 1998 წელს 2.2%-მდე შემცირდა. ევროკავშირში თავდაცვის დაფინანსება 1985-1991 წლებში 2.7%-დან 2.2%-მდე შემცირდა, ყირიმის ანექსიამდე, 2013 წელს კი 1.3%-ს გაუთანაბრდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა. 2021-2025 წლებში მსოფლიომ თავდაცვის ხარჯები 2.1%-დან 2.5%-მდე გაზარდა, ხოლო ევროკავშირმა -1.5%-დან 2.2%-მდე.
რამდენს ხარჯავს საქართველო?
საქართველო ვარდების რევოლუციამდე თავდაცვაზე საკუთარი ისედაც მცირე ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს ხარჯავდა, რომელიც 2007 წელს 9.2%-მდე გაიზარდა და 2008 წელსაც ძალიან მაღალ, 8.5%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2009 წლიდან მკვეთრი კლება იწყება და უკვე 2012 წელს 2.9%-მდე შემცირდა. კლება შემდგომაც გაგრძელდა და 2017 წლიდან NATO-ს მოძველებულ არაოფიციალურ სტანდარტს, 2%-საც ჩამოსცდა.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და წილი მშპ-ში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მსოფლიო ბანკი
პანდემიამდე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მდორედ მიმდინარეობდა, პანდემიის შემდეგ კი სწრაფი ტემპით გაიზარდა. პანდემიამდე მისი წილი მშპ-სთან მიმართებით 2.9-დან 1.8%-მდე შემცირდა, პანდემიის შემდეგ- 1.7%-მდე. ბოლო წლები მაღალი ეკონომიკური ზრდითა და ასევე მაღალი ინფლაციით ხასიათდებოდა, რამაც თანხობრივი ზრდის ეფექტი შთანთქა. 2026 წლის გეგმა 1.890 მლრდ ლარია, რაც მის მშპ-სთან ფარდობის ზრდის შესაძლებლობას გამორიცხავს, პირიქით- ნომინალური ეკონომიკის უფრო დიდი მოცულობით ზრდის ხარჯზე ეს ფარდობა, სავარაუდოდ, შემცირებულიც იქნება. ტენდენცია 2027 წელსაც გაგრძელდება, რადგან ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება მხოლოდ 4%-ით იზრდება. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მშპ-სთან პირდაპირ შეფარდებით მიღებული მონაცემი თავდაცვის ხარჯების მშპ-სთან ფარდობასთან ახლოსაა, თუმცა მეთოდოლოგიური სპეციფიკის გამო მცირე აცდენებიც ფიქსირდება, ამიტომ ზუსტად იმის თქმა, რა იქნება ეს ფარდობა 2026-2027 წლებში, რთულია, თუმცა ის დაახლოებით 1.5-1.6 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.
ხელფასების წილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში
1.8-1.9 მლრდ ლარი შესაძლოა დიდ თანხად ჩანდეს, მაგრამ აუცილებელია მისი ჩაშლა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი შეიარაღების საზღვარგარეთიდან შესყიდვაზე ან ადგილზე დამზადებაზე კი არა, ხელფასებსა და ინფრასტრუქტურაზე იხარჯება.
ხელფასების ოდენობა და წილი თავდაცვის სამინისტროში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2025 წელს 1.841 მლრდ-დან 819 მლნ ლარი ხელფასებზე დაიხარჯა, 2026 წლის გეგმით თავდაცვის სამინისტროზე ჯამურად ₾50 მლნ-ით მეტია გამოყოფილი, მათ შორის ხელფასებზე -₾101 მლნ-ით მეტი. 2027 წლის პროექტის მიხედვითაც მთლიანი სამინისტროს დაფინანსება ₾75 მლნ-ით იზრდება, მხოლოდ ხელფასები კი, ₾79 მლნ-ით, რაც სხვა ხარჯების შემცირებას ნიშნავს. თუ 2024 წელს ხელფასებზე მთელი ბიუჯეტის 44% იხარჯებოდა, 2027 წლის პროექტის მიხედვით 51% დაიხარჯება.
1.965 მლრდ-დან 1 მილიარდის ხელფასებზე დახარჯვა 965 მლნ-ის ავტომატურად შეიარაღებაზე დახარჯვას არ გულისხმობს, ჯანმრთელობაზე და სოციალურ უზრუნბველყოფაზე 70 მლნ ლარია გამოყოფილი, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – 153 მლნ, თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებაზე კი, მხოლოდ ₾335 მლნ, იგივე, რაც 2026 წელს და 4 მლნ-ით ნაკლები, ვიდრე 2025 წელს.
სხვა ქვეყნების რეაქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე
რუსეთის უკრაინაში ღიად შეჭრის შემდეგ, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები მკვეთრად გაზარდა.
თავდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებით
წყარო: მსოფლიო ბანკი
0.4 ან თუნდაც 0.7 პროცენტული პუნქტი შესაძლოა მცირე ცვლილებად ჩანდეს, მაგრამ რეალურად ეს დიდი ზრდაა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა თავდაცვის დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანეს და სოციალური ხარჯები გაზარდეს. ამ მიდგომამ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. რუსეთს კი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმპერიული ზრახვები ისევ აღმოაჩნდა და საქართველოს შემდეგ 2022 წელს ღიად უკრაინაში შეიჭრა. საფრთხის გაჩენამ ევროპის სხვა ქვეყნებს თავდაცვაზე დანახარჯების ზრდისკენ უბიძგა. 2025 წელს ევროკავშირი მშპ-სთან მიმართებით თავდაცვის ხარჯებით 1991 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ხარჯები ყველაზე მეტად ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნებმა გაზარდეს. ჯგუფი 11 სახელმწიფოს აერთიანებს: პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს. ყველაზე მეტად, 2.2%-დან 4.5%-მდე ხარჯები პოლონეთმა გაზარდა. ეს ქვეყანა სერიოზულ სამხედრო ძალად ყალიბდება და სხვადასხვა შეფასებით ევროპაში არაბირთვული სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს.
გრაფიკზე 2026 წლის მონაცემები ასახული არაა. საქართველოსგან განსხვავებით, წინასწარი მონაცემებით ზრდის ტემპი შენარჩუნებულია.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის მოსაზრება
ნეტგაზეთი უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილესა (2014-2018 წწ) და მეათე მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს (2022-2024 წწ), თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იმ პრიორიტეტებს, რომლებიც თავდაცვის პოლიტიკით არის დასახული და შეესაბამება ქვეყნის შესაძლებლობებს.
“მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე ამაყობს ეკონომიკის აღმასვლით და „დუღილით“, თავდაცვის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის მთავარ ფარად მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს და არა ჯარს. თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა ყოფილიყო, რათა თავდაცვის სამინისტროს ის ათწლიანი გეგმა განხორციელებულიყო, რომელიც მას აქვს.
წლებია, ეს ასე არ ხდება. მათ შორის, როდესაც მე თავდაცვის კომიტეტის მოადგილე გახლდით, თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებით მაშინაც 1.5 – 1.6% იყო, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდან ვაკრიტიკებდი. თუმცა, თუ დღეს შეხედავთ უკვე არსებულ პროექტს, ის კრიტიკას ვერ უძლებს. ძირითადი ზრდა მოდის ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე, ხოლო ბიუჯეტი აკლდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებიც თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას უკავშირდება.
როდესაც თავდაცვის შესაძლებლობების ზრდა მცირდება, ფაქტობრივად, შემცირებულია ლოჯისტიკური უზრუნველყოფაც; ასევე, შემცირებულია მართვის, კონტროლისა და კავშირგაბმულობის სისტემების დაფინანსება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მდგომარეობა არათუ მხოლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჭრილში უნდა განვიხილოთ, არამედ ეს ყველაფერი პირდაპირ კაპიტულანტური პოლიტიკის მაჩვენებელია.
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ჯარი დღეს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პაკეტია. ამასთან, არ ნაზღაურდება ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რიტორიკისა და პოლიტიკის გამო ჯარს დააკლდა. შეგახსენებთ თავდაცვის სამინისტროსთვის შეჩერებულ პროგრამებს: იქნება ეს დანიის სამეფოს, ევროკავშირის, სტრატეგიული პარტნიორის — შეერთებული შტატების, თუ ნატოს არსებითი პაკეტის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ შეჩერებული პროგრამები.
როდესაც ამას 2024 წელს ვაკრიტიკებდი, მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ბიუჯეტში ამ დანაკლისს დააკომპენსირებდნენ. ახლა თუ ვინმე მეტყვის, სად ჩანს ეს კომპენსაცია (ის, რაც არსებული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ჯარს დააკლეს), დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. თუმცა, რასაც ვუყურებ, ეს უბრალოდ კაპიტულანტური ბიუჯეტია, ისევე როგორც კაპიტულანტური პოლიტიკის მაჩვენებელი”, – ამბობს აქუბარდია.
მისივე თქმით, ჯარი მოსახლეობის მიერ ყველაზე სანდო ინსტიტუტად არის აღქმული.
“ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის ის მთავარი ფარი უნდა იყოს — არა იმიტომ, რომ ვინმეს ომი გამოვუცხადოთ (რაზეც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს), არამედ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავდაცვის პოლიტიკის ის პრიორიტეტები, რომლებიც ადრე არსებობდა: შეკავება და თავდაცვა“, — აცხადებს აქუბარდია.
თეონა აქუბარდიამ ნატოს ძველ და ახალ, გაზრდილ არაოფიციალურ სტანდარტზეც ისაუბრა: „იმას რომ თავი დავანებოთ, ნატოს არაოფიციალური სტანდარტი აღარ არის 2%. ნატომ მშპ-სთან მიმართებით თავდაცვის დაფინანსების ვალდებულება 5%-მდე გაზარდა და 5% არის ის მარჟა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ნატოს სამიტზე იქნა შეთანხმებული. ჩვენი ბიუჯეტი კი არათუ 5%-ს, არამედ 2%-იან ვალდებულებასაც აღარ ფარავს, რაც საჭირო იყო არა მხოლოდ ნატოს წინაშე, არამედ, მათ შორის, მთავრობის მიერ დამტკიცებული თავდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესასრულებლადაც.
ანუ, სულ რომ თავი დავანებოთ ნატოში გაწევრიანების კონსტიტუციურ კურსს (რომლიდანაც „ქართულ ოცნებას“ უკვე გადახვეული აქვს), აქ საუბარია იმაზე, თუ რა ტიპის ჯარი გვინდა, რომ გვყავდეს. თავდაცვის სამინისტროს რა 10-წლიანი გეგმაც ჰქონდა, იმასაც კი ვეღარ შეასრულებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ თავდაცვის ბიუჯეტზე.“
გაუქმებულ პარტნიორობასა და პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ევროკავშირიდან 30-32 მლნ ევროს დაფინანსება იყო გათვალისწინებული, რაც 2024 წლიდან გაიყინა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის თანხები შეერთებული შტატებიდანაც იყო გამოყოფილი, რაც ასევე გაუქმდა.
„ამ ვითარებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოსპო და გაანადგურა, მან ეს, რა თქმა უნდა, ფინანსურად არ დააკომპენსირა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურადაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ხელფასებისა და სოციალური პაკეტების ზრდას. ეს ჯარს უფრო სოციალურ დანიშნულებას აძლევს და არა იმ თავდაცვითი პოლიტიკის გამტარებლის ფუნქციას, რომლის მიზანიც მტრის შეკავება იყო… ანუ, გვყოლოდა ისეთი ძლიერი ჯარი, რომ მტერს ჩვენზე თავდასხმა არ მონდომებოდა, ან, თუ ეს შეკავება ვერ იმუშავებდა, ქვეყანა გარე აგრესიისგან დაეცვა“, — აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე წარდგენით დეკემბერში უნდა დამტკიცდეს. ამ დროის განმავლობაში შესაძლოა, გარკვეული დეტალები შეიცვალოს, თუმცა იმისთვის, რომ თავდაცვის დაფინანსება მშპ-ს თუნდაც 2%-ს გაუტოლდეს, დამატებით 400-500 მლნ ლარის გამოყოფაა საჭირო.
