ევროკავშირის საბჭომ, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოსა და მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ორი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
საქართველოს მიერ მიღებული 30 მილიონი ევროს დახმარების ღონისძიება მოიცავს 36 თვის პერიოდს და დააფინანსებს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და სერვისების დაფინანსებას, მათ შორის, ტექნიკურ მომზადებას. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას. დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა.
მოლდოვის დახმარება შეადგენს 40 მილიონ ევროს 36 თვის განმავლობაში და დააფინანსებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების არალეტალურ აღჭურვილობას, მომარაგებასა და მომსახურებას, მათ შორის ტექნიკურ მომზადებას საჭიროების შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საჰაერო მეთვალყურეობას, მობილურობასა და ტრანსპორტირებას, ლოჯისტიკას, მართვისა და კონტროლს და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას. მოლდოვამ აღნიშნული დახმარება 2023 წლის 6 თებერვალს მოითხოვა.
„ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალების და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათი თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის გაძლიერებაში. ეს არის მესამე დახმარების პაკეტი ორივე ქვეყნისთვის EPF-ის ფარგლებში, რაც აშკარად ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.
ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ფონდის სხვა ბენეფიციარები იყვნენ უკრაინა, აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალი.








