ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვართმევენ ისტორიას და მომავალს” – სოხუმში აქტივისტები ბანერების გამო დააკავეს

4 მაისი, 2023 • 5985
“გვართმევენ ისტორიას და მომავალს” – სოხუმში აქტივისტები ბანერების გამო დააკავეს

ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის [ҲАРАҲПИЦУНДА] აქტივისტები სოხუმში ჩამოკიდებული ბანერების გამო პოლიციამ დააკავა.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გამოკრულ ბანერებზე ეწერა: “აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ”; “არა უკანონო მშენებლობებს ქალაქში”; “აფხაზეთი არ არის აუქციონი” და ა.შ.

აფხაზეთში ოპოზიციური ძალებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების სურვილს, აფხაზეთში მიიღონ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ე.წ. აპარტამენტების მშენებლობას, გაყიდვას და ექსპლუატაციას – კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ მშენებლობისა და ე.წ. აპარტამენტების ყიდვის შესაძლებლობა.

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, აქციის მონაწილეები დღეს, 4 მაისს, დილის 05:26 წუთიდან, შინაგან საქმეთა სამმართველოში იმყოფებიან, სადაც თავიდან დაიბარეს განმარტებითი ჩვენების მიცემისთვის, თუმცა, ამჟამად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პროტოკოლებს ამზადებენ.

ორგანიზატორთა განცხადებითვე, ბანერები, რომელიც ჩამოხსნა პოლიციამ, “ექსპერტიზაზე გაგზავნეს”.

“ჩვენ – ახალგაზრდებს გვსურს, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ აფხაზეთში, აღვადგინოთ მისი ეკონომიკა, შევინარჩუნოთ ენა, ბუნება, მიწა და ისტორია. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გვართმევენ საკუთარ ისტორიას და მომავალს. ამის წინააღმდეგი ვართ. წინააღმდეგი ვართ აპარტამენტების შესახებ ანტიაფხაზური კანონისა, წინააღმდეგი ვართ ისტორიულ ნაწილში უკანონო მშენებლობებისა და ენერგეტიკის სისტემის მიზანმიმართული განადგურებისა. დღეს ამის შესახებ დედაქალაქში ჩამოვკიდეთ ინფორმაცია. თუმცა ხელისუფლებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მათ არ სურთ მოისმინონ მოქალაქეების აზრი. გვინდა შევახსენოთ მათ, თუ ვინ არის სუვერენიტეტის ერთადერთი მატარებელი ჩვენს ქვეყანაში – ხალხი. ვიცით, რომ ოპოზიციას დასავლეთს მიგვაკუთვნებენ, მოგვაკერებენ იარლიყებს. ისევ წნეხისა და შესაძლო პროვოკაციბეის წინაშე აღმოვჩნდებით. თუმცა მზად ვართ ამისთვის – ჩვენი მიზანი ერთადერთია – თავისუფალი და დამოუკიდებელი აფხაზეთი. ჩვენთვის არ არის სულერთი ჩვენი მომავალი”, – ავრცელებენ განცხადებას ახალგაზრულ მოძრაობაში.

აფხაზური ოპოზიციის შიშები რუსული გავლენების ზრდაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი