ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რევოლუციის სამი მიზეზი აფხაზეთში

28 თებერვალი, 2023 • 1157
რევოლუციის სამი მიზეზი აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზური საზოგადოების კრიტიკული განწყობები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული – ენერგეტიკული კოლაფსი, რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიების გადაცემა და ხელისუფლების მიერ  აპარტამენტების შესახებ კანონის ლობირება. 

ენერგეტიკული კოლაფსი 

ელექტროენერგიის მიწოდების ყოველდღიური კრიზისი და ელექტროგადამცემი ხაზების ხშირი დაზიანებები პროტესტის მიზეზი ხდება აფხაზეთის საზოგადოებაში.

მაგალითად, 2 თებერვალს სოხუმში, სახელისუფლებო შენობების კომპლექსთან, მოქალაქეები, უმრავლესად ქალები, შეიკრიბნენ და გააპროტესტეს დღის განმავლობაში 5 საათით ელექტროენერგიის გათიშვა . იმის გამო, რომ პრეზიდენტის დაცვამ ადმინისტრაციის შენობასთან რკინის ღობე დაამონტაჟა, პიკეტი მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა აქციიდან ორი დღის შემდეგ ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაში ცვლილება შევიდა – შეზღუდვა ხუთიდან სამ საათამდე შემცირდა. 

იმავე დღეებში ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას ოფისში ენერგეტიკის საკითხებზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდა პოლიტიკოსების მონაწილეობით. შეხვედრის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, აფხაზეთში მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროს გეგმური განადგურება.

აღნიშულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით პოსტი დატოვა აფხაზეთში ერთადერთი ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაღაფშმა. 

აფხაზეთის ხელისუფლება ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ხელისუფლების კრედიტით მილიარდანახევარი რუბლის ინვესტირებას გეგმავს.

ოპოზიციონერ ადგურ არძინბას თქმით, ხელისუფლება, რომელმაც 2010 წელს ხელი მოაწერა აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქციისთვის 2 მილიარდი რუბლის კრედიტის შესახებ შეთანხმებას, ნდობას არ იმსახურებს. შეთანხმებას მაშინ ხელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა აწერდა. დღეს კუბრავა პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობს. სწორედ მისივე ხელმოწერაა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე. ის იქნება ასევე ხელმომწერი პირი აფხაზეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების პრივატიზაციის შემთხვევაშიც. 

აფხაზეთის გასხვისება

ასე უწოდებს აფხაზური ოპოზიცია ხელისუფლების ზრახვას ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და აპარტამენტების შესახებ კანონის [უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ მშენებლობისა და ე.წ. აპარტამენტების ყიდვის შესაძლებლობა] შესაძლო მიღების შესახებ. 

ადგილობრივი ეკონომისტის, ახრა არისთავას აზრით, ახალი ინიციატივები ვერ შექმნის აფხაზეთში ეკონომიკურ წინსვლას და მხოლოდ ცალკეული ჩინოვნიკების კეთილდღეობას მოემსახურება. 

ეკონომისტის თქმით, შეუძლებელია რენტაბელური გახადო ენერგეტიკის სფერო, რომელიც არ არის ბოლომდე გამჭვირვალე, სადაც ყველა შეთანხმება “ენგურჰესის” შესახებაც კი, ზეპირია და აფხაზეთი იმ სადგურის ოფიციალური მესაკუთრეც არ არის, რომელიც მის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

ამავე აზრისაა პარტია “აფსნის” წევრი ვიტალი გაბნია. მისი თქმით, კრედიტი, რომელსაც მთავრობა ახალი მრიცხველების საყიდლად აპირებს, უბრალოდ, “განიავდება”. 

“ეს დატაცების ყველასთვის ცნობილი სქემებია. აფხაზეთში ვერ ჩამოაღწევს მილიარდნახევარი – იქნება “ატკატი” და შემდეგ თითქმის მთელ თანხას ჩინოვნიკები მიიღებენ. მრიცხველების შესასყიდად კი, უკეთეს შემთხვაში, თანხის მესამედი დაიხარჯება”, – ამბობს ვიტალი გაბნია.

ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე კი შეუძლებელი იქნება ხელისუფლების ინიცირებული შესაძლო ახალი კანონით გათვალისწინებული აპარტამენტების მშენებლობაც. 

კომპანია “ჩერნომორენერგოში” ამბობენ, რომ აფხაზეთმა უკვე გადააჭარბა რუსეთიდან შემოსული ენერგიის ლიმიტს, რის გამოც, შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში აღარ ჰქონდეს საკმარისი ელექტროენერგია. შესაბამისად, შესაძლოა, განრიგით მიწოდება ზამთრის თვეების შემდეგაც გაგრძელდეს. 

მსგავს პირობებში კი “აპარტამენტების” შესახებ კანონიც ვერ მიიღებს რეალურ სახეს. 

ბლოგერისა და სამოქალაქო აქტვისტის, თენგიზ ჯოპუას აზრით, ინიცირებული კანონი მიწის ლეგალიზებასაც არ გამორიცხავს, რაც აქამდე აფხაზეთში აკრძალული იყო. ახალი რეგულაციებით, ფინანსურ სარგებელს მოუტანს კანონი ჩინოვნიკებს, რომელთაც წლების წინ მიწის დიდი ნაკვეთები საკუთარ თავზე და ნათესავებზე გადააფორმეს. ახლა კი საშუალება მიეცემათ, ეს მიწები ინვესტორებზე გაყიდონ. 

საპრივატიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ბესლან კუბრავას თქმით, ექსპრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სანაპიროზე საუკეთესო ნაკვეთები და რუსეთის ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორია იმ ადამიანებზე გადაანაწილა, ვინც მას 2014 და 2019 წლებში გამარჯვებაში დაეხმარა. 

ასე გადანაწილდა მიწები გულრიფშში, ყოფილი ციტრუსის ქარხნის ტერიტორიაზეც. აფხაზეთში მრავლადაა ისეთი მიწები, რომლებიც გაფორმებულია თავდაცვის მინისტრზე, ყოფილ გენერალურ პროკურორზე, საპრივატიზაციო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეზე და ა.შ. 

მიწების დატაცებისა და დანაწლების პროცესი აქ ყველა ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა. ჩინოვნიკები დივიდენდებს არა მხოლოდ თანამდებობებითა და კუთვნილი ხელფასებით, არამედ მიწების სახით აქტივებითაც იღებდნენ.

წლების განმავლობაში ყველა ეს აქტივი პრაქტიკულად არ გამოყენებულა მათი მფლობელების მიერ, რადგან ამისთვის დიდი ფინანსური რესურსი იყო საჭირო. რუსი ინვესტორების მოძებნა კი აფხაზეთში ზოგიერთი რუსი ბიზნესმენების გაძევების და მკვლელობის შემდეგ უფრო გართულდა. თუმცა დღეს, როდესაც რუსული ბიზნესისთვის პრაქტიკულად ყველაფერი  შეიზღუდა მსოფლიოში, აფხაზეთში ახალი პერსპექტივები გაჩნდა. ამისთვის მათ სჭირდებათ გარანტიები და კანონი, რომელიც მშენებლობის უფლებას მისცემს. 

შექმნილი გარემოებებს კარგად იყენებს ოპოზიცია და ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს სამშობლოსა და ხალხის ინტერესების ღალატად წარმოაჩენს.

ოპოზიციას თავის დროზე ხაჯიმბას გადაყენება საქართველოს მოქალაქის, გიორგი ლუკავას შეწყალების ფონზე უნდოდა. ხაჯიმბას პრეზიდენტობისას აფხაზეთში სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ძვრები არ ყოფილა, რადგანაც მას ეშინოდა გადაედგა ზედმეტი ნაბიჯები, რომელიც მაშინვე ოპოზიციის ინტერპრეტირების საგანი გახდებოდა. შესაბამისად, ხაჯიმბამ ვერ გაბედა მიწებისა და უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქებითვის გაყიდვის დაშვებაც და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მოხვდა კრემლისთვის არასასურველთა შორის, საბოლოოდ კი, მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდა.

დღეს პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წინაშე სტრატეგიული პარტნიორი რეალურ ამოცანებს სახავს და მათ შესრულებასაც მოითხოვს. შესაბამისად, ხელისუფლება უკვე ნადირობს ანტირუსულ განწყობებზე, რომელიც უკავშირდება აპარტამენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღებასა და ბიჭვნთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემას.

თუმცა, აფხაზეთში საზოგადოება თავისუფალია. საყოველთაო კრების ინსტიტუტი აქ საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ამიტომაც, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, ბლოგერები არ იკავებენ თავს ხელისუფლების კრიტიკისგან, რომელიც, თავის მხრივ, რეპრესიული მეთოდების დანერგვას ცდილობს. აფხაზეთში ჯერ კიდევ არსებობენ ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც. ეს გარემოებები კი იმედს იძლევა, რომ ბოლოდროინდელი ინიციატივები საზოგადოების სასარგებლოდ გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ისევე წავა, როგორც ეს 2014 და 2020 წლებში მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი